ირაკლი ღარიბაშვილი სტიქიის შედეგების შესწავლის საქმეში უცხოელი ექსპერტების ჩართვას არ გამორიცხავს

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგების შესწავლის საქმეში უცხოელი ექსპერტებისა და კომპანიების ჩართვა არ გამორიცხა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გმირთა მოედანზე ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, მთავრობის სურვილია, რომ მოხდეს მაქსიმალურად მაღალკვალიფიციური ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენა.
“გუშინ გავაკეთე ამასთან დაკავშირებით კომენტარი და ვთქვი, რომ ამ საკთხს ჩვენ ასე არ დავტოვებთ. რა თქმა უნდა, შევქმნით სპეციალურ ჯგუფს უცხოელი ექსპერტებისგან და მე არ გამოვრიცხავ, რომ ექსპერტული კომპანიები დავიქირაოთ და ეს არის ჩვენი სურვილი, რომ მოხდეს მაქსიმალურად მაღალკვალიფიციური ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენა. უნდა წარმოვადგინოთ ჩვენ დასკვნა, იმ მიზეზების შესწავლა უნდა მოხდეს, რის გამოც ეს ყველაფერი მოხდა. ვერეს ხეობის შესწავლა უნდა განხორციელდეს”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ამის შემდეგ, მაღალი ალბათობით ამ საკითხს უკვე პროკურატურა შეისწავლის და დაიწყებს გამოძიებას. “თუმცა, ამ ეტაპზე მე არ მინდა, რომ მთავარი აქცენტი გადავიტანო გამოძიებაზე. მთავარი ჩვენი ამოცანა ამ მომენტისთვის არის ის, რომ რაც შეიძლება მალე დავასრულოთ სამუშაოები და ჩვენი მოქალაქეები დავაბრუნოთ სახლებში და ვისაც არა აქვთ, მათ შევუქმნათ სათანადო პირობები”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები