ეროვნული ბანკი სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს საბანკო ვალდებულებების გასტუმრებაში დაეხმარება
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სტიქიის შედეგადად დაზარალებულ ოჯახებს საბანკო ვალდებულებების გასტუმრებაში დახმარება აღუთქვა.
როგორც გიორგი ქადაგიძემ აღნიშნა, ვერეს ხეობაში გარდაცვლილი ივლიტა ჯიბუტი, ეროვნული ბანკის თანამშრომლის ძმისშვილია. გიორგი ქადაგიძემ ბანკის თანამშრომელთა სახელით გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძირა.
“ეროვნული ბანკის სახელით მინდა თანავუგრძნო გარდაცვლილთა ოჯახებს. რამდენიმე წუთის წინ სამწუხაროდ კიდევ ერთი გარდაცვლილი გოგონას ცხედარი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ეს არის ივლიტა ჯიბუტი, ჩვენი თანამშრომლის ძმისშვილი. ჩემთვის ძალიან რთულია შესაბამისი სიტყვების პოვნა იმისთვის, რომ ავხსნა, როგორ ვგრძნობთ თითოეული ჩვენგანი თავს”,-აღნიშნა ქადაგიძემ.
მანვე მიმართა დაზარალებულთა ოჯახებს – “ვიცით, რომ მათ აქვთ სხვადასხვა ტიპის ვალდებულებები, საბანკო კრედიტები. ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ პროცესის აღწერა, ბანკის თანამშრომლები მივლენ თითოეულ ოჯახში და ბოლომდე დავეხმარებით მათ ამ ვალდებულებების გასტუმრებაში. ეს არ არის ყველაზე სასწრაფო, მაგრამ მას შემდეგ, რაც მათი გადაუდებელი საჭიროებები დაკმაყოფილდება, ჩვენ ამ პროცესსაც მივხედავთ და დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული შუამავლობა და თხოვნა კომერციულ ბანკებთან არ დაგვჭირდება, რათა ამ ოჯახებს მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინონ. ამ საკითხს ჩვენ მომდევნო დღეებში დავარეგულირებთ. თითოეული ესეთი შემთხვევა იქნება შესწავლილი, რიგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს იქნება გადავადება, საუბარი საერთოდ არ უნდა იყოს არც ჯარიმებზე და არც პროცენტებზე, რიგ შემთხვევაში შეიძლება კიდევ უფრო მასშტაბური მხარდაჭერა იყოს. არ მინდა რომ მოვლენებს გავუსწრო, ამ ეტაპზე ჩვენ აღვრიცხავთ ყველა ამ ვალდებულებას”, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ. აღნიშნულ განცხადებას ეროვნული ბანკი ავრცელებს.