პრემიერ-მინისტრი მედიას მოუწოდებს, ნუ გამოიყენებენ საპანიკო სიტყვებს
პრემიერ-მინისტრი მედიას მოუწოდებს, ნუ გამოიყენებენ სიტყვა „ევაკუაციას“ და მსგავს საპანიკო სიტყვებს, იქამდე ვიდრე ოფიციალური სტრუქტურის წარმომადგენელი არ გააკეთებს კომენტარს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა გმირთა მოედანზე ჟურნალისტებს განუცხადა, საგანგებო შტაბმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამუშაოები დროებით შეჩერდეს და მოხალისეები და ტექნიკა გამოყვანილი იქნას კრიტიკული ზონებიდან.
“შექმნილია საგანგებო შტაბი, ინფორმაცია სისტემატური რეჟიმში მოგეწოდებათ, ინფორმაციაზე წვდომის პრობლემა თქვენ არ გაქვთ, ასე, რომ ძალიან გთხოვთ, მოსახლეობა არ შეიყვანოთ შეცდომაში. ეს არის ჩემი თხოვნა იმიტომ რომ ეს არის კრიზისული ვითარება, კრიზისული სიტუაციის სწორად მართვისთვის ჩვენ გვჭირდება სწორი და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობამდე. ამაში თქვენი ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. ამიტომ გთხოვთ, მოგიწოდებთ ყველას, რომ სანამ არ მიიღებთ დადასტურებულ ინფორმაციას, არ გაავრცელოთ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა რაიმე ეპიდემიის გავრცელება, პრემიერმა აღნიშნა, რომ არავითარი ეპიდემიის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
“ეს კითხვები საიდან მოგაქვთ, მაინტერესებს, ვინ გეუბნებათ ასეთ რაღაცებს, ამინდის პროგნოზი არის ასეთი, დანარჩენ ინფორმაციას საგანგებო შტაბიდან ეტაპობრივად, სისტემატურად მიიღებთ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.