გიორგი მარგველაშვილი: არ შეიძლება, რომ ქალაქში, რაც არ უნდა დიდი წვიმა იყოს და ხევი ადიდდეს, ამდენი ადამიანი დავკარგოთ
თანამედროვე საზოგადოება ასე არ ცხოვრობს, როდესაც ხევის ადიდების შედეგად ჩვენ ადამიანების სიცოცხლეებს ვკარგავთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურული განვითარება პროფესიონალებისა და კონკრეტული დარგის სპეციალისტების მოსმენისა და რეკომენდაციების გარეშე აღარ შეიძლება.
„საზოგადოებას მინდა ვუთხრა იმ ხალხის განცდა, რომელთანაც ვიყავი. ძალიან მადლობლები არიან… არცერთი ოჯახი არ არის ღია ცის ქვეშ, ისინი არიან დაბინავებულები და მათ ყურადღება ექცევათ, მაგრამ გაკვეთილი არის კატასტროფული. თანამედროვე საზოგადოება ასე არ ცხოვრობს, როდესაც ხევის ადიდების შედეგად ჩვენ ადამიანების სიცოცხლეებს ვკარგავთ. შეიძლება ზიანი მიადგეს ადამიანს, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ სტიქიამ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე წაიღო. ძალიან ნათელია დასკვნა – აღარ შეიძლება განვითარება პროფესიონალიზმის გარეშე, არ შეიძლება, რომ ჩვენ დღეს ყველა არ ვეკითხებოდეთ ამ დარგის სპეციალისტებს, ამ დარგის პროფესიონალებს, როგორ არათუ გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან, არამედ, როგორ არ მოხდეს ეს არასდროს. არ შეიძლება, რომ ქალაქში, რაც არ უნდა დიდი წვიმა იყოს და ხევი ადიდდეს, ამდენი ადამიანი დავკარგოთ, და ამაზე პასუხი არ აქვს არცერთ პოლიტიკოსს, ამაზე პასუხი აქვთ ურბანული დაგეგმარების, არქიტექტურის, ქალაქდაგეგმარების პროფესიონალებს, რომელთა ხმასაც დღეს ძალიან ყურადღებით უნდა მოვუსმინოთ”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.