“რამდენიმე დღეში საჭირო გახდება ძალიან ბევრი ადამიანის ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია“

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, იმ ადამიანებს, რომლებმაც სტიქიის შედეგად ტრავმული ან სტრესული დაზიანება მიიღეს, ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია გაეწევათ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ „იმედის კვირაში“ ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ გამართულად იმუშავა და სისტემა მზად არის, ასეთ გამოწვევებს უპასუხოს.

„ჯანდაცვის სისტემამ იმუშავა გამართულად, როგორც სასწრაფო დახმარებამ, ასევე კლინიკებმა. რა თქმა უნდა, არავის უნდა, რომ ეს სტიქია განმეორდეს, თუმცა გარწმუნებთ, სისტემა მზად არის, რომ ასეთ გამოწვევებს უპასუხოს.

არსებობს სამი ჯგუფის დახმარება – ერთი გადაუდებელი, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვით ყველას უფინანსდება სრულად, მეორე – ეს არის მედიკამენტები მათთვის, ვინც დაკარგა საცხოვრებელი და გეგმურად ღებულობდა რაიმე მედიკამენტს – ამაზე მერიამ გამოხატა მზადყოფნა და ისინი დაეხმარებიან ასეთ ადამიანებს, ხოლო მესამე სახის დახმარება იქნება მოგვიანებით, როდესაც რამდენიმე დღეში საჭირო გახდება ძალიან ბევრი ადამიანის ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, არა მარტო იმ ადამიანების, ვინც ტრავმული დაზიანება მიიღო, არამედ იმათიც, ვინც სტრესული დაზიანება მიიღო. ჩვენ ამისთვის მზად ვართ და აუცილებლად დავეხმარებით ადამიანებს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები