43-ე ბატალიონს სკოლის მოსწავლეებმა წერილები გაუგზავნეს
ავღანეთში, ფარვანის პროვინციაში მყოფ საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონს სკოლის მოსწავლეებმა წერილები გაუგზავნეს.
ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქართველმა სამხედროებმა წერილები თბილისის 133-ე საჯარო სკოლის IV და V კლასის მოსწავლეებისგან მიიღეს. „მტკიცე მხარდაჭერის” მისიაში მონაწილე ქართველმა სამხედროებმა თბილი წერილებისთვის პატარა მეგობრებს მადლობა გადაუხადეს და საპასუხო წერილების გამოგზავნას დაპირდნენ.
43-ე ბატალიონის ინიციატივით, 133-ე საჯარო სკოლას, საპასუხო წერილებთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო დროშას გაუგზავნიან, რომელზეც ქართველი ჯარისკაცების ხელმოწერები იქნება.
43-ე ბატალიონი საერთაშორისო მისიას ფარვანის პროვინციაში მდებარე ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებენ. ქართველი სამხედროების მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.