დავით ნარმანია „განსაკუთრებული ჟურნალის“ იუბილისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო
თბილისის მერი დავით ნარმანია დედაქალაქის საკრებულოში „განსაკუთრებული ჟურნალის“ იუბილისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო. ღონისძიება, 14 ივნისს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, „განსაკუთრებული ჟურნალს“ წელს დაარსებიდან, ერთი წელი უსრულდება.
გამოცემა თვეში ერთხელ გამოდის. ჟურნალს საგამომცემლო სახლი “ქართული ელიტა“ გამოსცემს, რომელმაც რამდენიმე თვის წინ გაზეთები „ივერია“ და „დროება“ აღადგინა და მათი ხელმეორედ გამოცემა დაიწყო. აღნიშნული ჟურნალ-გაზეთების რედაქციები ინტეგრირებულია და იქ შშმ პირები არიან დასაქმებულნი.
დავით ნარმანიას თქმით, „განსაკუთრებული ჟურნალი“, მართლაც, განსაკუთრებულია, რადგან განსხვავებული ფორმატით გამოდის, აქ შშმ პირები არიან დასაქმებულნი და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს. დედაქალაქის მერი გამოცემასთან აქტიურ თანამშრომლობას აპირებს.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და საკრებულოს დეპუტატები.