უსაყვედურეს თუ არა გუგული მაღრაძეს თანაგუნდელებმა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრს გუგული მაღრაძეს “კვირას“ პრესკლუბში დასაქმების თაობაზე გაკეთებული განცხადების გამო თანაგუნდელებისგან საყვედური არ მიუღია. ამის შესახებ თავად გუგული მაღრაძემ ტელეიმედის გადაცემა “რეაქციაში“ წამყვანის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„არანაირად, ჩვენ გუნდში არის სრული ურთიერთგაგება და მიგვაჩნია, რომ ყველა ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავისი აზრი. იმ აზრში, რაც მე ვთქვი არანაირი მკრეხელობა არ არის და ეს არის რეალობის ასახვა – მაღალი კვალიფიკაციის და მაღალი პასუხისმგებლობის ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ანაზღაურება და იმ ადამიანებს, რომლებსაც სჭირდებათ დახმარება, უნდა გაეწიოთ დახმარება“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, რომ „სერიოზული მცოდნე ადამიანი საჯარო სამსახურში 2 000 ლარად არ გაჩერდება. ჟურნალისტის კითხვაზე, იზიარებს თუ არა ის ქუცნაშვილის ინიციატივას, რომლის თანახმადაც მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ სამინისტროებში გარკვეული პერიოდი პრემიები აღარ უნდა გაიცეს, მაღრაძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო სექტორში დასაქმებული ადამიანი არ უნდა ფიქრობდეს იმაზე, სად იშოვოს ფული ოჯახისთვის. მაღრაძე მიიჩნევს, რომ სახელწიფო სამსახურების კონკურსებზე გამოცხადებული ვაკანსიები რეალურია და „მაგარი სპეციალისტი დღეს სახლში არ ზის“.