თამარ ბერუჩაშვილი ალექსანდრე რონდელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და საერთაშორისო სწავლების ცენტრის დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის ალექსანდრე რონდელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელი აღნიშნავს, ფასდაუდებელია ალექსანდრე რონდელის ღვაწლი საერთაშორისო ურთიერთობათა სფეროში მრავალი მიმართულებით. “ფასდაუდებელია ბატონი ალექსანდრეს ღვაწლი საერთაშორისო ურთიერთობათა სფეროში მრავალი მიმართულებით – მის სახელს უკავშირდება საქართველოსა და მთლიანად კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი და გავლენიანი ანალიტიკური ცენტრის დაარსება, რომელმაც უკვე დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი წამყვან,საერთაშორისო კვლევით ინსტიტუტებს შორის, დიდია ბ-ნ ალექსანდრეს წვლილი მრავალი მაღალპროფესიული კადრის აღზრდასა და ფორმირებაში, რომელთა დიდი ნაწილი დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც საქმიანობს, საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებზე მის მიერ შექმნილი ნაშრომები დღემდე რჩება და დიდხანს იქნება მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების სფეროში. მეამაყება, რომ პირადად ვიცნობდი, მრავალი წლის მეგობრობა და მჭიდრო თანამშრომლობა მაკავშირებდა ბ-ნ ალექსანდრესთან. მათ შორის ჩვენი ბოლო შეხვედრა შედგა GFSIS-ის ცენტრში გამართულ ღონისძიებაზე. დარწმუნებული ვარ მისი ღვაწლი აუცილებლად ჰპოვებს გაგრძელებას, როგორც აღნიშნული ცენტრის, ასევე ბევრი ადამიანის სახით, ვინც ეზიარა ბ-ნ ალექსანდრეს პროფესიულ ცოდნასა და გამოცდილებას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩემი სახელით სამძიმარს ვუცხადებ ბ-ნ ალექსანდრეს ოჯახის წვერებსა და ახლობლებს“-აღნიშნავს თამარ ბერუჩაშვილი.