ცესკოს თავმჯდომარემ პრემიის სახით 34 272 ლარი მიიღო
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით მიღებული აქვს 77 492 ლარი, საიდანაც პრემია შეადგენს 34 272 ლარს, ხოლო სახელფასო დანამატი 43 220 ლარს – ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია IDFI აქვეყნებს.
ორგანიზაციის მიერ მოკვლეულ მასალებით ირკვევა, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ერთ-ერთი გამორჩეული საჯარო დაწესებულებაა, სადაც აქტიურად ხდება თანამშრომელთა, როგორც პრემიებით, ისე სახელფასო დანამატებით დაჯილდოება.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით მაისის და ივნისის თვეში თამარ ჟვანიას სახელფასო დანამატმა შეადგინა, თითოეულ თვეში, 10 080 ლარი, ხოლო ივლისის თვეში – 15 120 ლარი.
კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი შარაბიძეს 2014 წელს პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით მიღებული აქვს 67 311 ლარი, ხოლო კომისიის მდივანს გიზო მჭედლიძეს – 64 576 ლარი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მიღებული პრემიებისა და სახელფასო დანამატების გარდა, თავმჯდომარის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო შეადგენს – 4 800 ლარს, თავმჯდომარის მოადგილის – 4 030 ლარს, ხოლო კომისიის მდივნის – 4 030 ლარს.
ამასთან, საქართველოს კანონმდებლობით საარჩევნო პერიოდში ცესკო-ში დასაქმებულ თანამშრომლებზე თანამდებობრივი სარგო გაიცემა ორმაგი ოდენობით.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, 2014 წელს, მაგალითად, კომისიის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი შარაბიძის შრომის ანაზღაურებამ შეადგინა – 132 955 ლარი (სარგო – 65 644 ლარი, პრემია და დანამატი – 67 311 ლარი), ხოლო კომისიის მდივნის გიზო მჭედლიძის – 128 736 ლარი (სარგო – 64 160, პრემია და დანამატი 64 576 ლარი)“, -ნათქვამია IDFI-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.