ავიაციის სააგენტო სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელით მიმართავს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელით მიმართავს. როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ 2015 წლის 11 ივნისის 9-საათიანი „კურიერის“ გამოშვებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, თითქოს საქართველო მოიხსენიება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (იკაო) „შავ სიაში“ და დღის წესრიგში დგას ამ ორგანიზაციიდან საქართველოს გარიცხვის საკითხი.

სამოქალქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, რომ ეთერში გასული სიუჟეტი წარმოადგენს დეზინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავს საავიაციო ხელისუფლების საქმიანობის დისკრედიტაციას.

“პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (იკაო) არ აწარმოებს ეგრეთ წოდებულ „შავ სიას“. შესაბამისად, საქართველო ასეთ სიაში ვერ მოხვდებოდა. ასევე გაცნობებთ, რომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციიდან გარიცხვის მექანიზმიც არ არსებობს. სამოქალაქო ავიაციის სფეროში არსებული სერიოზული ხარვეზები და პრობლემები არის 2004-2010 წლებში ამ სფეროში წარმოებული არასწორი პოლიტიკის შედეგი, რაც გამოავლინა 2013 წლამდე ჩატარებლმა იკაო-ს აუდიტმა.

ტრანსპორტის სფეროში დაწყებული რეფორმა წარმატებით ხორციელდება, რაც დადასტურებულია 2013 წელს სააგენტოში ჩატარებული არაერთი საერთაშორისო აუდიტით, 2007 წლის შედეგების მნიშვნელოვანი გაუმჯობესებით. იკაოს 2013 წლის აუდიტის დასკვნის შედეგად, სახეზეა მნიშვნელოვანი პროგრესი სამოქალაქო ავიაციის სფეროში, თუმცა, გამოვლინდა გარკვეული ხარვეზებიც. კერძოდ, იკაო-მ დაადგინა, რომ 2007-2013 წლებში ავიკომპანიებზე სერტიფიკატების გაცემის პროცესი გადახედვას საჭიროებდა. სწორედ აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრას ემსახურებოდა 2014 წლის სექტემბერიდან 2015 წლის მაისამდე სააგენტოს მიერ ახალი კომპანიების რეგისტრაციაზე გამოცხადებული მორატორიუმი, რაც გარკვეული წრეების მიერ შეფასებულ იქნა, როგორც ბიზნესისთვის დაბრკოლების შექმნა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მიმართავს სასამართლოს დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით, იმდენად, რამდენადაც მასობრივი ინფორმაციის საშუალების, კერძოდ, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ საზოგადოება შეცდომაშია შეყვანილი. სასარჩელო მოთხოვნების ფორმულირება და მოცულობა საზოგადოებისთვის მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ის წარედგინება შესაბამის განსჯად სასამართლოს. ამის შესახებ დამატებით მოგეწოდებათ ინფორმაცია“,-ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები