საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო კატეგორიულად უარყოფს, რომ საქართველო და ქართული ავიაკომპანიები ევროკავშირის უსაფრთხოების ე.წ. შავ სიაში არიან შესულნი. სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აღნიშნულთან დაკავშირებით მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველო და ქართული ავიაკომპანიები არასოდეს ყოფილან ევროკავშირის უსაფრთხოების სიაში.
„ე.წ. შავი სია არის ევროკავშირის მექანიზმი, რომელიც ეფუძნება ევრორეგულაცია 2111/2005-ს (Regulation (EC) No 2111/2005 of the European Parliament and the Council of 14 December 2005 on the establishment of a Community list of air carriers subject to an operating ban within the Community and on informing air transport passengers of the identity of the operating air carrier) წელიწადში 2-ჯერ, უსაფრთხოების კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, ევროკომისია საჯაროდ აქვეყნებს იმ ქვეყნებისა და ავიაკომპანიების ჩამონათვალს, რომლებსაც ეკრძალებათ ფრენა ევროკავშირის ტერიტორიაზე ფრენის უსაფრთხოების სტანდარტების უგულებელყოფის გამო. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ე.წ. შავ სიაში საქართველო და ქართული ავიაკომპანიები არასდროს ყოფილა შეყვანილი. ICAO-ს 2013 წლის აუდიტის შედეგად გამოიკვეთა მნიშვნელოვანი პროგრესი, თუმცა ადგილი ჰქონდა რამდენიმე ხარვეზსაც, რაც აისახა აუდიტის საბოლოო ანგარიშში და რომლის აღმოსაფხვრელად გაიწერა სამოქმედო გეგმა. აღსანიშნავია, რომ 2011-2013 წლების განმავლობაში გატარებული ღონისძიებების შედეგად 55%-ით გაუმჯობესდა სააგენტოს ინსპექტორების ტრენინგისა და კვალიფიკაციის მაჩვენებელი, 44%-ით გაუმჯობესდა საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების ზედამხედველობის პროცესი, 25%-ით გაუმჯობესდა პერსონალის ლიცენზირებისა და ავიასაწარმოების სერტიფიცირების პროცესი, 24%-ით გაუმჯობესდა უსაფრთხოების პრობლემების გადაჭრის მაჩვენებელი, 22%-ით – საჰაერო ხომალდების ვარგისობის ზედამხედველობა, 19%-ით აეროპორტების და აეროდრომების ზედამხედველობა, 17%-ით – აერონავიგაციის მიმართულებების ზედამხედველობა და 38%-ით – საავიაციო შემთხვევების მოკვლევის საკითხები. ამჟამად დარჩენილია რამდენიმე საკითხი, რომელზეც სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აქტიურად მუშაობს”, – აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.