ვაკეში ხეების უკანონო მოჭრასთან დაკავშირებით გამწვანების სამსახური განცხადებას ავრცელებს

ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური ვაკეში ხეების უკანონო მოჭრასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ვაკეში ხეები, წესებისა და პროცედურების თანახმად, მოიჭრა, რადგან ისინი საფრთხეს უქმნიდა მოქალაქეებს.
„დღეს საზოგადოების ერთმა ნაწილმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოსდა ვაკეში, „სდასუ“-ს მიმდებარედ უნებართვოდ იჭრებოდა ხეები. აღნიშნულ ტერიტორიაზე ხეები, შესაბამისი წესებისა და პროცედურების თანახმად, ნამდვილად მოიჭრა, ვინაიდან ისინი საფრთხეს უქმნიდა მოქალაქეებს. თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურს ხეების მოჭრის მოთხოვნით „სდასუ“-ს ადმინისტრაციამ უნივერსიტეტის ეზოში არსებული სამი ავარიული წიწვოვანი ხის დაუყოვნებლივ მოჭრის თხოვნით მიმდინარე წლის 1 აპრილს მიმართა. სამსახურმა დაადგინა, რომ ნარგავები ნამდვილად იმყოფებოდა ავარიულ მდგომარეობაში და მოჭრას საჭიროებდა. შესაბამისი ზომების მიღებამდე, წვიმის დროს ერთ-ერთი ხე წაიქცა და ორი ავტომანქანა დააზიანა. სტუდენტები ამ დროს ეზოში არ იმყოფებოდნენ. ხის წაქცევა კარგად ჩანს სათვალთვალო კამერით გადაღებულ ვიდეომასალაში, რომელიც ადმინისტრაციამ თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურს წარუდგინა. უსაფრთხოების დაცვის მიზნით, თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის გადაწყვეტილებით, დარჩენილი ორი ავარიული ხეც მოიჭრა“,-აცხადებენ ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები