ქუმსიშვილი ირაკლი ტრიპოლსკის და გია ჟორჟოლიანს მადლობას უხდის

ქონების მართვისა და განკარგვის სფეროსთან მიმართებაში “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებები დედაქალაქს, როგორც მუნიციპალიტეტს გააძლიერებს – ასე აფასებს დედაქალაქის ვიცე-მერი, დიმიტრი ქუმსიშვილი აღნიშნულ კანონპროექტს.
ქუმსიშვილი კანონპროექტის ავტორებს: ირაკლი ტრიპოლსკის და გია ჟორჟოლიანს მადლობას უხდის. თბილისის ვიცე – მერის განმარტებით, აღნიშნული ცვლილებების მიღება მუნიციპალიტეტს საშუალებას მისცემს, ბევრი და სწორი გადაწყვეტილებები სწრაფად მიიღოს.
“მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ამ პროექტის ინიციატორებს – ირაკლი ტრიპოლსკის და გია ჟორჟოლიანს, რომლებიც აღნიშნული ცვლილებების მოსამზადებლად ჩვენთან ძალიან აქტიურ კონსულტაციებს გადიოდნენ. კანონპროექტის ძირითადი არსი იმაში მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენს დედაქალაქს, რომელიც მთლიანი შიდაპროდუქტის 50 პროცენტს აგენერირებს, ეს კი დაახლოებით 15 მილიარდი ლარია, ჰქონდეს შესაბამისი ინსტრუმენტები, რათა ეფექტურად განახორციელოს სამეურნეო საჭიროებები. აღნიშნული კანონპროექტით, რეალურად, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები იზრდება. მას ეძლევა ახალი შესაძლებლობები, რათა დამატებით მოიზიდოს ინვესტორები, გადაჭრას მისთვის საჭირო, მნიშვნელოვანი საკითხები და მეტად ეფექტურად განახორციელოს ის ქმედებები, რომლებიც აქვს განსახორციელებელი”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, მომზადებული ცვლილებებით, გარკვეული მიმართულებებით თბილისის საკრებულოც ჩართულობაც იზრდება.
“საკრებულო დამატებით ახალ მაკონტროლებელ და არა მარტო მაკონტროლებელ, არამედ რეალურად ახალ მიმართულებებს იმატებს. მათ შორის არის პირდაპირი განკარგვის ნაწილში საკრებულოს სრული ჩართულობა, ქონების გაცვლის ნაწილში სრული ჩართულობა და ა.შ. ანუ რეალურად, ჩვენ დღეს ამ კანონპროექტით, როგორც მუნიციპალიტეტი, ვძლიერდებით და ვიღებთ იმის შესაძლებლობას, რომ ბევრი ახალი ფუნქცია შევასრულოთ, განვახორციელოთ ის, რომელსაც აქამდე არ ვახორციელებდით. აგრეთვე, ჩვენ გამოვდივართ პარტნიორები სახელმწიფოსთვის, რადგან აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებებით მოვახერხებთ იმას, რომ მთლიანი ზეწოლა არ წამოვიდეს ეკონომიკის სამინისტროსა და სახელმწიფოზე და ის წილი პასუხისმგებლობა, რომელიც უნდა აიღოს მუნიციპალიტეტმა, აიღოს სწორედ თბილისმა”, – აღნიშნა ქუმსიშვილმა.
დედაქალაქის მთავრობა გარკვეულ გადაწყვეტილებებს საკრებულოსთან შეთანხმების გარეშე მიიღებს. ეს, ძირითადად, თბილისის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროს ეხება, სადაც თბილისის აღმსარულებელი ორგანოს ავტონომიურობა იზრდება. ამას “ადგილობრივ თვითმმართველობის კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები