არასამთავრობო ორგანიზაციები სხდომების გამცდენი დეპუტატების მიმართ სანქციების დაწესებას ითხოვენ
არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია სხდომების გამცდენი დეპუტატების მიმართ სანქციების დაწესებას ითხოვს.
არასამთავრობო ორგანიზციების: ,,სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ ,,ახალგაზრდა ადვოკატების“ ,,ახალგაზრდული თაობის“ და ,,პოზიციის“ მოსაზრებით, ქვეყნის საპარლამენტო ცხოვრების განვითარებისათვის აუცილებელია მოწესრიგდეს დეპუტატების მიერ საპარლამენტო სხდომებისა და საკომიტეტო მოსმენების გაცდენების მახინჯი პრაქტიკა.
აღნიშნულმა არსამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს „მრგვალი მაგიდის“ ფორმატში იმსჯელეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე და შეთანხმდნენ შემდეგ საკითხებზე: 1) ოჯახური მდგომარეობის გამო პარლამენტის წევრის მიერ საპატიო მიზეზით სხდომების გაცდენის შინაარსი დაზუსტდეს, თუ რას ნიშნავს „ოჯახური მდგომარეობა“ და ჩაიშალოს სამ ნაწილად – ოჯახის წევრის გარდაცვალება, მეუღლის მშობიარობა, ოჯახის წევრის მძიმე ავადმყოფობა. 2) სასურველია, პარლამენტის წევრს არასაპატიო მიზეზით სხდომების გაცდენის გამო დაუკავდეს ხელფასის 20%. (ამჟამინდელი რედაქციით – 10%). 3) პარლამენტის წევრებს არასაპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში დაუკავდეთ ხელფასის გარკვეული ნაწილი,რომელიც გადაირიცხება სოციალურად დაუცველი ან/და მძიმე დიაგნიზის მქონე ადამიანის/ადამიანების ანგარიშებზე, ქველმოქმედების მიზნით. არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ ამ საკითხებზე მუშაობას. ა(ა)იპ ,,სამოქალაქო ჩართულობის ცენტრმა“, 2015 წლის მარტში ჩაატარა კვლევა „საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის 2012-2015 წლების საქმიანობის მონიტორინგი“. კვლევის მიხედვით, ყველაზე მეტად პარლამენტის წევრები პლენარულ სხდომებსა და საკომიტეტო მოსმენებს საპატიო მიზეზით – ოჯახური მდგომარეობის გამო აცდენენ.