ირაკლი შიხიაშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი სპეცილურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ: “ბოლო დროს ვ. სანიკიძის სახელობის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალის ირგვლივ ვრცელდება სხვადასხვა სახის არასწორი ინფორმაცია. გარკვეული დაინტერესებული ჯგუფების მიერ გაკეთებული განცხადებები ცალსახად ემსახურება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დისკრედიტაციას. ეს ხდება იმ დროს, როცა სამსახურმა ვეტერანებისთვის კონკრეტული პროექტების განხოციელება დაიწყო.
დღეს ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი მიზანი ვეტერანთა ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ავამოქმედეთ ჯანდაცვის სხვადასხვა პროგრამა, დავაფინანსეთ ვეტერანებისთვის კომპიუტერული ტომოგრაფიისა და მაღალტექნოლოგიული კვლევების ჩატარება, მედიკამენტები, ოპერაციები, ყველაფერი ის, რაზეც ვეტერანებისთვის განკუთვნილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ექსკლუზიური პაკეტი არ ვრცელდება.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ყოველწლიურად ჰოსპიტალში 800 ათასი ლარის ჯანდაცვითი სერვისების მომსახურებას უფინანსებს ვეტერანებს. დღეს ჰოსპიტალის პირობები არ შეეფერება თანამედროვე სტანადარტებს. ის დანგრევის პირასაა. შესაბამისად, ვეტერანებისთვის მაღალი დონის მომსახურების გაწევა ვერ ხერხდება. ამიტომ, ჩვენ ვმუშაობთ ვეტერანებისთვის სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნაზე, რომლის აშენებაც თბილისის ზღვაზე იგეგმება. აქ თითოეული ვეტერანი შეძლებს ყველა სახის მაღალი დონის სამედიცინო მომსახურების სრულყოფილად მიღებას. ჰოსპიტალთან დაკავშირებით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა. „გამომძიებელი რეპორტიორის“ ფილმში სამსახურის შესახებ არაზუსტი ინფორმაცია და არაობიექტური შეფასებები გაჟღერდა, თუმცა დაირღვა თუ არა ჟურნალისტური ეთიკის ნორმები, ამას ჟურნალისტთა ქარტია დაადგენს, ჩვენი იურისტების მიერ შედგენილი სარჩელის განიხილვისას.
12 ივნისს, 12:00 საათზე სასტუმრო ,,ამბასადორში“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან არსებული საკონსულტაციო-სათათბირო საბჭო აღნიშნული თემების განსახილველად შეხვედრას გამართავს.შეხვედრაზე მოწვეულია პროცესში მონაწილე ყველა მხარე.
მიგვაჩნია, რომ ვეტერანების თემა არ შეიძლება იყოს გამოყენებული სპეკულაციისათვის.
მინდა ყველამ იცოდეს, რომ ხელისუფლება და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ყოველთვის გააკეთებს მაქსიმუმს იმისთვის, რომ ქვეყანას ყავდეს დასაქმებული და ჯანმრთელი ვეტერანი და ყოველთვის დაიცავს მათ ღირსებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები