„ინსპექტორის ინსტიტუტი უფრო ამყარებს მოსამართლეთა უფლებებს, ვიდრე აკნინებს მას“
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა კახა სოფრომაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში დისციპლინური სამართალწარმოების სისტემაში დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის შემოღების საჭიროებაზე ისაუბრა. სოფრომაძის განცხადებით, ის, რომ ინსპექტორი საშიშროებად არის აღქმული, ეს არასწორი ინფორმაციის ბრალია.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მიიჩნევს, რომ ინსპექტორის ინსტიტუტი უფრო ამყარებს მოსამართლეთა უფლებებს, ვიდრე აკნინენს მას.
„ინსპექტორი – ეს არ არის ისეთი თანამდებობა, რომელიც გარკვეულწილად დისციპლინარულ სამართალწარმოებაში რაიმეს ხელს შეუშლის. ზოგჯერ აქცენტს აკეთებენ ხოლმე იმაზე, რომ არსებობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და რაღა საჭიროა ინსპექტორი. იუსტიციის უმაღლესის საბჭოს მდივანი არის მოქმედი მოსამართლე, მას აქვს მდივნის თანამდებობა, რომელიც ადმინისტრაციული ფუნქციაა და საკმაოდ დაკავებულია. პლუს – მას გარკვეულწილად ევალება დისციპლინური სამართალწარმოების პროცესს კოორდინაცია გაუწიოს. ამ შემთხვევაში დისციპლინური სამართალწარმოების ხარისხი იკარგება. უშუალო პასუხისმგებელი პიროვნება ამ შემთხვევაში ნაკლებად გვყავს. ცვლილების პროექტის მიზანია, რომ ერთი პიროვნება, რომელიც მაღალი ლეგიტიმაციით იქნება დანიშნული ამ თანამდებობაზე, სიტუაციის მოკვლევის პროცესს წარუძღვება. ის დაუდებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სურათს, რა ხდება კონკრეტულ საქმეზე და დევნის აღძვრა- შეწყვეტის საკითხს წყვეტს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. გადაწყვეტილებას საკმაოდ მაღალი კვორუმი სჭირდება და ვინმეს თუ მოუნდება ვინმეს გაგდება, ეს ფიზიკურად არ გამოუვა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილებას არ იღებს, ის გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში სადისციპლინო კოლეგიას გაუგზავნის, სადაც სამი მოსამართლე და 2 არამოსამართლე წევრია და მათ უნდა განიხილონ შემდგომ მისი ბრალეულობის საკითხი. ძალიან რთული მექანიზმია იმისთვის, რომ მოსამართლე დაისაჯოს და, მით უმეტეს, არაკანონიერად მისი დასჯა პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს უფრო ამყარებს მოსამართლეთა უფლებებს, ვიდრე აკნინენს მას. ინსპექტორი იუსტიციის საბჭოს მიერ შეირჩევა, ის უნდა იყოს მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილების მქონე, მაღალკვალიფიციური და მაღალი რეპუტაციის მქონე იურისტი. ის, რომ ინსპექტორი საშიშროებად არის აღქმული, ეს არასწორი ინფორმაციის ბრალია. ცოტა გული მწყდება, რომ მოსამართლეები დაუსაბუთებლად საუბრობენ ხოლმე გარკვეულ საკითხებზე“, – აღნიშნა კახა სოფრომაძემ.