„სასამართლოს თავმჯდომარეებს ვადაზე ადრე თანამდებობის დატოვება არ მოუწევთ“
სასამართლო სისტემაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ახალი კანონპროექტის მიხედვით მოსამართლეთა და კანონის ინიციატორების პოზიციები შეჯერდა, რის მიხედვითაც სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეებს მათი ვადების დასრულების საშუალება მიეცემათ და ვადაზე ადრე თანამდებობის დატოვება არ მოუწევთ, – ამის შესახებ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა კახა სოფრომაძემ ისაუბრა.
სოფრომაძის განცხადებით, არჩევნები ჩატარდება იმ სასამართლოებისთვის, რომელთაც თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლი ჰყავთ. მისივე თქმით, თავმჯდომარეების საკითხის გარდა, კანონების ძალიან ფართო სპექტრია, სადაც ცვლილებები შედის, თუმცა დაცულია „ღიაობის“ პრინციპი და ინიცირებულ ყველა ნორმას კანონის ინიციატორები მოსამართლეებთან ერთად განიხილავენ.
„კანონპროექტი სასამართლო სისტემაში ცვლილებების ძალიან ფართო სპექტრს მოიცავს, რეფორმები საერთო სასამართლოების შესახებ კანონს, დისციპლინური წარმოების შესახებ კანონს, იუსტიციის უმაღლეს სკოლას, უზენაეს სასამართლოში საქმეების გადახედვისა და დასაშვებობის კრიტერიუმებს, ანუ სამივე საპროცესო კანონმდებლობას სისხლის, სამოქალაქოს და ადმინისტრაციულს შეეხება. ასე, რომ კანონების ძალიან ფართო სპექტრია სადაც ცვლილებები შედის. რაც შეეხება შეხვედრებს და საკითხზე მსჯელობას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოც და ქალბატონი ნინო გვენეტაძეც „ღიაობის“ და ცვლილებებზე მუშაობის დროს მოსამართლეთა ჩართულობის მომხრეა. დღეს უკვე დაგეგმილი ცვლილებების შესახებ მაქსიმალურად შეჯერებული ვარიანტი გვაქვს, წარმოდგენილ პროექტს ხვალ ყვარელში განვიხილავთ. რაც შეეხება სასამართლოს თავმჯდომარის ინსტიტუტს, მათი გათავისუფლების მიზანი არავის აქვს, არსებობს ამ ინსტიტუტის უფრო ქმედითად ამოქმედების აუცილებლობა. ამ კუთხით პრობლემები არსებობს, ინსტიტუტი გაუმჯობესებას საჭიროებს, რომ სამართალწარმოება უფრო ქმედითი იყოს. მოსაწესრიგებელია სასამართლოებში შიდა მენეჯმენტი, საქმეების განაწილება… პირველ ვარიანტში იყო, რომ მოედანი უნდა დაცლილიყო და თავმჯდომარეების არჩევა ხელახლა მომხდარიყო, მაგრამ სასამართლო პერსონალის აზრი გათვალისწინებული იქნა და დღეს მოქმედ თავმჯდომარეებს მიეცათ საშუალება, რომ თავიანთი ვადა ამოწურონ, თუმცა არჩევის პრინციპი დარჩა. აირჩევიან მხოლოდ იმ სასამართლოს თავმჯდომარეები, რომლებსაც დღეს მხოლოდ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელები ჰყავთ, ხოლო დანარჩენი სასამართლოებისთვის არჩევნები ჩატარდება მაშინ, როცა მათ მოქმედ თავმჯდომარეებს გაუვათ ვადა“,- აღნიშნა კახა სოფრომაძემ.