გოჩა ცოფურაშვილი: ჩვენ შევძლებთ ქართულ საექსპორტო პროდუქციაში დიდი ნაწილი სწორედ ბიოპროდუქციამ დაიკავოს
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გოჩა ცოფურაშვილმა საქართველოში ბიოწარმოების განვითარების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები დარგის სპეციალისტებთან ერთად განიხილა.
როგორც „კვირას“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ბიოსერტიფიცირებული, ორგანული პროდუქტების წარმოების პერსპექტივებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ საქართველოს ბიოპროდუქტების წარმოების დიდი პოტენციალი აქვს.
“ბიომიმართულების განვითარების ხელშეწყობა ჩვენთვის პრიორიტეტულია. დღევანდელ შეხვედრაზე გამოიკვეთა მთავარი საკითხები და დაიგეგმა პირველი რიგის ღონისძიებები. უნდა მოწესრიგდეს სერტიფიცირების სისტემა, განისაზღვროს რეგიონები, ის მიკროზონები, რომლებიც სამომავლოდ იქნება პროექტში ჩართული. ბიოპროდუქტზე მოთხოვნა გაზრდილია მსოფლიოს პრაქტიკულად მთელ ბაზარზე. ვფიქრობ, სამომავლოდ ჩვენ შევძლებთ ქართულ საექსპორტო პროდუქციაში დიდ ნაწილი სწორედ ბიოპროდუქციმ დაიკავოს”, – განაცხადა გოჩა ცოფურაშვილმა.
როგორც ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა თენგიზ ჯალიაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, ბიოსერტიფიცირებული, ორგანული პროდუქტების წარმოება აგრობიოტექნოლოგიის აღორძინების საფუძველს შექმნის. ეს არის ეგრეთ წოდებული „Green Refinery“, სადაც მცირე მოცულობის მაღალი ღირებულების პროდუქტებს აწარმოებენ და საქართველოს ამის პოტენციალი აქვს.
“ჩვენს უცხოელ კოლეგებთან, ჰოლანდიელ ინვესტორებთან ერთად უახლოეს მომავალში პირველ ნაბიჯებს გადავდგამთ და, დარწმუნებული ვარ, დღევანდელ მსოფლიოში აქტუალური ბიომიმართულების განვითარებას საქართველოშიც შევძლებთ”, – განაცხადა თენგიზ ჯალიაშვილმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ – სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს საინჟინრო აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, პროფესორი მამუკა მაცაბერიძე, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ცხოველთა საკვების დამზადების ინტიტუტის დირექტორი, პროფესორი ვლადიმერ ელისაშვილი, ენერგეტიკის საინჟინრო აკადემიის პრეზიდიუმის წევრი, პროფესორი ნუგზარ მელაძე.