ირაკლი ღლონტი: გუგული მაღრაძის სიძე თბილისის მერიაში მუშაობს
პოლიტიკური გაერთიანება “რეფორმატორების” თავმჯდომარემ ირაკლი ღლონტმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გუგული მაღრაძის განცხადებას სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა, სადაც აღნიშნა, რომ გუგული მაღრაძის სიძე თბილისის მერიის ერთ-ერთი მაღალჩინოსანია.
ირაკლი ღლონტის ინფორმაციით, „ქართული ოცნების” წევრის, გუგული მაღრაძის სიძე ირაკლი ღურჭუმელია თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიის ფინანსური დირექტორია. მისივე თქმით, ირაკლი ღურჭუმელია აღნიშნულ თანამდებობაზე “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაინიშნა და ამჟამად მივლინებაში იმყოფება.
ირაკლი ღლონტი მოითხოვს, თბილისის მერიამ დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს ირაკლი ღურჯუმელიას პროფესიონალიზმთან დაკავშირებული ცნობები. ასევე ცნობილი გახდეს, რა დამსახურების ხარჯზე იკავებს აღნიშნული პიროვნება საკმაოდ მაღალ თანამდებობას.
“მე არ შემაქვს ეჭვი მის კომპეტენციაში. მე მოვითხოვ, ქალაქ თბილისის მერიამ დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება. გაასაჯაროოს, გააცნოს ხალხს, რა დამსახურების მიხედვით არის იგი დანიშნული საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე და იღებს საკმაოდ სოლიდურ თანამდებობრივ სარგოს”, – აღნიშნა ირაკლი ღლონტმა.
“რეფორმატორების” თავმჯდომარემ აღნიშნული ინფორმაცია გუგული მაღრაძის „კვირას“ პრესკლუბში გაკეთებული განცხადების კონტექსტში გაავრცელა, რომლის თანახმად დეპუტატი საუბრობდა, რომ სპეციალისტები დასაქმებულები არიან.
“გუგული მაღრაძის თქმით, თითქოს საქართველოში ყველა მაგარი სპეციალისტი დასაქმებულია. მათთვის სამსახურის პოვნა რთული არ არის, ასევე ვინც სამუშაოს ეძებს, მისთვის სამსახურის პოვნა პრობლემას არ წარმოადგენს. ჩვენი შეფასებით, ეს განცხადება არის საკუთარი მოსახლეობის მიმართ უდიდესი ცინიზმი და ირონია, ასევე შეურაცხყოფა იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში გვაქვს უმწვავესი ფორმის სოციალური პრობლემები”, – აღნიშნა ირაკლი ღლონტმა.
მისივე თქმით, ქვეყანაში არიან პროფესიონალი დაუსაქმებელი კადრები, რომლებიც წლების მანძილზე ვერ პოულობენ სამუშაო ადგილებს.
დეპუტატმა გუგული მაღრაძემ განაცხადა, რომ ადამიანს, რომელიც სახელმწიფო სამსახურში მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, არ უნდა ჰქონდეს ცდუნება და გასაჭირი, იფიქროს, ხვალ და ზეგ საიდან იშოვოს ფული ოჯახისთვის.
“დღეს საჯარო სამსახურიდანაც ხდება გადინება. რადგან სერიოზული მცოდნე ადამიანი საჯარო სამსახურში 2 000 ლარად არ გაგიჩერდება. თუ საჯარო სამსახურში კარგი სპეციალისტი არ გაჩერდა, მიღებული გადაწყვეტილებები იქნება იმდენად არასწორი, რომ ყველას დაგვაკლდება. როცა სხვა ადამიანი ასეთ კადრს 6 000-ს სთავაზობს, მაშინ შეწირული უნდა იყოს, რომ თქვას, არ წავალო. მაგარი სპეციალისტი დღეს სახლში არ ზის და დასაქმებულები არიან. ვისაც სამუშაო უნდა, ის ყოველთვის იშოვის”, – აღნიშნა გუგული მაღრაძემ „კვირას“ პრესკლუბში.