უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ალასანიას სასამართლოზე ზეწოლაში ადანაშაულებს
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჩინჩალაძე, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერს სასამართლოზე ზეწოლაში ადანაშაულებენ და კატეგორიულად უარყოფენ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას.
როგორც მათ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნეს, ასეთი შეხვედრა არ ყოფილა, შესაბამისად, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი, ირაკლი ალასანია ვერანაირ მტკიცებულებას ვერ წარმოადგენს. როგორც ისინი აღნიშნავენ, ალასანიას მხრიდან ადგილი აქვს სასამართლოს პოლიტიკურ პროცესში ჩართვას და ცდილობს სასამართლოზე ზეწოლის მოხდენას.
“ბიძინა ივანიშვილთან არანაირი შეხვედრა არ გვქონია. ეს არის აბსურდული თემა და ჩემი მხრიდან კომენტარის გაკეთება არ იქნება სწორი. ეს არის პირდაპირი ჩარევის მცდელობა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით. ირაკლი ალასანია ვერანაირ მტკიცებულებას ვერ მოიპოვებს და ვერ წარმოადგენს, რადგან ბუნებაში ასეთი შეხვედრა არ ყოფილა. ცოტა მეტი პასუხისმგებლობაა საჭირო, როდესაც სასამართლოს ეხები. მისი მხრიდან ეს არის სასამართლოს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის მცდელობა”, – განაცხადა მიხეილ ჩინჩალაძემ.
მისი შეფასებით, ეს არის ზეწოლა სასამართლოს მიმართ.
“ყველა პოლიტიკოსს მოვუწოდებთ, რომ სასამართლოს პოლიტიკაში ჩართვის მცდელობა არის მიუღებელი. ირაკლი ალასანიას რაც ბუნებაში არ არსებობს, ის მტკიცებულებები ვერ ექნება და შესაბამისად, ვერც წარმოადგენს”, – აღნიშნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის განცხადებით კი, მას ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ სურს. როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, ასეთი განცხადებები მოსამართლეების მიმართ არის სასამართლოს შეურაცხყოფა.