ზურაბ ადეიშვილი: ის, რომ მედიის მიმართულებით ყოფილი ხელისუფლების დროს ყველაფერი იყო კარგად, ეს არასწორია

„ბევრჯერ მიგვითითებდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომ საქართველოში იყო პრობლემები მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი2“ -ის გადაცემა “არჩევანში” განაცხადა.
მისივე თქმით, ის, რომ მედიის მიმართულებით ყოფილი ხელისუფლების დროს ყველაფერი იყო კარგად, ეს არ არის სწორი. “ამას ბევრჯერ მიგვითითებდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომ საქართველოში იყო პრობლემები მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ამავე დროს, იმის თქმაც არ შეიძლება, რომ საქართველოში არ არსებობდა ოპოზიციური მედია. იყო ოპოზიციური მედია და ზოგ შემთხვევაში ძალიან ძლიერიც”, – განაცხადა ადეიშვილმა.

მისივე თქმით, მედიის მიმართ დამოკიდებულება ახალი ხელისუფლების პერიოდშიც არ შეცვლილა და ამას მრავალი ფაქტი ადასტურებს. “რა ხდება დღეს და შეიცვალა, თუ არა ბევრი რამე ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ?! როდესაც ვლაპარაკობთ იმაზე, რომ მედია უფრო თავისუფალია, ძალიან ძნელია ამ ფაქტის დაჯერება იქიდან გამომდინარე, რომ მთავარი ოპოზიციური არხის დირექტორს აკავებენ სრულიად შეთითხნილი ბრალდებით, ხდება სარეკლამო ბაზრის ცალსახად გადანაწილება, რომ ოპოზიციურ მედიას შეუმცირდეს შემოსავალი, პირდაპირი კანონის დარღვევით ხდება ფარული მოსმენის აპარატების დამაგრება მთავარი ოპოზიციური არხის სატელევიზიო სივრცეში და ა.შ. მედიასთან მიმართ დამოკიდებულებაში პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა, პირიქით თუ არ გაუარესდა”, – განაცხადა ადეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები