“ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშნები არსებობს“
ჩემთვის როგორც პროფესიონალი იურისტისთვის, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტთან დაკავშირებით ბევრი კთხვის ნიშნები არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემა “რეაქციაში“ ჩართვისას ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე გამართული სასამართლო პროცესის შეფასებისას განაცხადა.
ირაკლი შოთაძის აზრით, ასეთი ტიპის – განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებზე გადაწყვეტილება პროფესიონალმა მოსამართლემ უნდა მიიღოს.
“ნაფიცი მსაჯულების სასამართლო რადიკალურად განსხვავდება ჩვეულებრივი სასამართლოსგან, ვინაიდან, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებენ არა პროფესიონალი იურისტები, არამედ ჩვეულებრივი მოქალაქეები. აქ რიგ შემთხვევებში მთავარი არ არის ის, თუ რამდენად არის გამყარებული მტკიცებულებებითი სტანდარტი სისხლის სამართლის საქმეზე, მითუმეტეს, გასათვალისწინებელია ქართველებში არსებული მენტალიტეტი, შესაბამისად, ჩემთვის როგორც პროფესიონალი იურისტისთვის ბევრი კთხვის ნიშნები არსებობს ამ ინსტიტუტთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ასე განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პროფესიონალმა მოსამართლემ. უნდა არსებობდეს შემდგომ გასაჩივრების შესაძლებლობა, კონკრეტულად ჩვეულებრივ სისხლის სამართლის საქმეებზე, როდესაც პირველი ინსტანცია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას მერე კიდევ არსებობს ორი ინსტანცია, სადაც ხდება პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გადასინჯვა პროფესიონალი იურისტების მიერ, შესაბამისად, ვფიქრობ, იურისტების, საზოგადოების სხვა წარმომადგენლების, მთავრობის, პარლამენტარების მონაწილეობით უნდა მოხდეს განხილვა იმისა თუნდაც დღევანდელი შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, რამდენად ერგება ეს ინსტიტუტი ქართულ რეალობას“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძეს შესაძლოა, ახალი ბრალი წარედგინოს, შოთაძემ განაცხადა, აღნიშნულ ინფორმაციას ვერ დაადასტურებს. “ამ ეტაპზე ამ ინფორმაციას ვერ დავადასტურებ, შესაბამისი ფაქტის არსებობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეცნობება საზოგადოებას. თუმცა, ამ ეტაპზე მე ასეთი სისხლის სამართლის საქმის არსებობის შესახებ არ შემიძლია დავადასტურო ინფორმაცია“, – აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე 12-საათიანი მსჯელობის შემდეგ ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილების მიღება ვერ მოახერხეს. მოსამართლემ ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის ასარჩევად სხდომა 10 ივნისს 12:00 საათზე დანიშნა და საქმის განხილვა ხელახლა დაიწყება.