ირაკლი შოთაძე: ცხადაძის საქმეში არსებობს ნიშნები, რომ ადგილი ჰქონდა თვითმკვლელობას

თბილისის პრობაციის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის, ბესიკ ცხადაძის საქმეში არსებობს ნიშნები, რომ ადგილი ჰქონდა თვითმკვლელობას, – აღნიშნულის შესახებ მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.
“ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, თუ რა იყო და რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე. პოლიციაში შესული შეტყობინებიდან გამომდინარე გამოძიება დაიწყო თვითმკველობამდე მიყვანის ფაქტზე, შესაბამისად, ნიშნები არსებობს, რომ ადგილი ჰქონდა თვითმკველობას. მიზეზებზე, მოტივებზე და სხვა ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი შესაძლებელი გახდება მას შემდეგ, რაც ჩატარდება ყველა საჭირო გადაუდებელი ღონისძიება”, – განაცხადა შოთაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის პრობაციის სამსახურის ხელმძღვანელი ბესიკ ცხადაძე დღეს თავის არეში მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.
ცხადაძემ ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში გასროლით ჭრილობა დღეს საკუთარ სახლში მიიყენა.
თბილისის პრობაციის სამსახურის უფროსის, ბესიკ ცხადაძის მიერ თვითმკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები