შსს-ს თანამშრომლებმა ტრეფიკინგის საკითხებზე გამართული სასწავლო კურსი გაიარეს
18-29 მაისს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ექვსმა თანამშრომელმა და საქართველოს პროკურატურის ოთხმა პროკურორმა, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების ოფისისა (RSO) და სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ორგანიზებით, ქალაქ ბუდაპეშტში საერთაშორისო სამართალდამცავ აკადემიაში (ILEA) ტრეფიკინგის საკითხებზე გამართულ ორკვირიან სპეციალიზებულ სასწავლო კურსში მიიღეს მონაწილეობა.
შსს-ს ინფორმაციით, სასწავლო კურსი მიზნად ისახავდა სამართალდამცველთა შესაძლებლობების ზრდას ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში და მას მოწვეული ექსპერტი პოლ ჰოლმსი უძღვებოდა. ტრენინგზე განიხილეს შემდეგი თემები: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი საკითხები, ტრეფიკინგის მსხვერპლის იდენტიფიკაცია, მსხვერპლთან თანამშრომლობა, დანაშაულის პრევენცია, პროაქტიული გამოძიების ჩატარება, მსხვერპლთა დაცვა, დაკითხვის ჩატარების ტექნიკა, სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების თავისებურებები, რისკის შეფასება, მართვა და ანალიზი, მტკიცებულებათა მოპოვებისა და შეფასების მეთოდები და სტანდარტი, ტრეფიკინგის საქმეებზე ფინანსური გამოძიების წარმოება, სისხლის სამართლის გამოძიებასთან დაკავშირებით საერთაშორისო სამართლის ძირითადი სტანდარტები, საერთაშორისო თანამშრომლობა სამართალდამცავ უწყებებს შორის. სწავლების მსვლელობისას საუბარი ასევე შეეხო პრაქტიკულ მაგალითებს და მოხდა გამოცდილების გაზიარება.
სასწავლო კურსში მონაწილეობა მიიღეს სამართალდამცავებმა საქართველოდან, ყაზახეთიდან და სერბეთიდან. სწავლების დასრულების შემდეგ, მონაწილეებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) გამოძიების კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.