გიორგი ქადაგიძე: ცილისმწამებლური კამპანია და ეროვნულ ბანკზე თავდასხმები უნდა შეწყდეს
ის განცხადებები, რომელიც ჩვენ ბოლო პერიოდში გვესმის, სხვა არაფერია, თუ არა უპასუხისმგებლო მცდელობა, გადაიფაროს ლარის კურსის გაუფასურებით მიღებული ზიანი , – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, ეროვნული ბანკზე თავდასხმები და ცილისმწამებლური კამპანია უნდა შეწყდეს.
მისივე თქმით, განცხადებები, რომელიც ეროვნული ბანკის მისამართით ბოლო პერიოდში გაკეთდა, უპასუხისმგებლო მცდელობაა, ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის ლარის გაუფასურებით გამოწვეული ზიანის გადაფარვისა.
“საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, თავი ავარიდოთ საკითხების პოლიტიზირებასა და პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას. მიუხედავად ამისა, ბოლო პერიოდში, სამწუხაროდ, მე არაერთხელ მომიწია განცხადების გაკეთება, რომ უნდა შეწყდეს თავდასხმები ეროვნულ ბანკზე და ის ცილისმწამებლური კამპანია, რომელიც მიმდინარეობს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ. ის განცხადებები, რომელიც ჩვენ გვესმის ბოლო პერიოდში სხვა არაფერია თუ არა უპასუხისმგებლო მცდელობა, გადაიფაროს ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ეს არის ლარის კურსის გაუფასურებით მიღებული ზიანი. ეს არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ირგვლივ არსებული დებატები და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები რეალური შემოსავლები. დღეს დისკუსიები უნდა მიდიოდეს ვითარების გაუმჯობესებისკენ გადასადგმელი ნაბიჯების ირგვლივ, ასევე ინვესტიციების, ტურიზმის ექსპორტის წახალისებისა და კონკრეტული პრობლემების მოგვარების ირგვლივ, რადგან საბოლოო ჯამში დადებითად უნდა აისახოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე, რაც, საბოლოო ჯამში, დადებითად უნდა აისახოს, ჩვენი მოქალაქეების ჯიბეზე“, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.