“კაცს, რომელიც ქველმოქმედებაში მილიარდებს ხარჯავს, საქართველოში გამდიდრების სურვილს რომ დააბრალებ, უმადურობა და მანიაკალიზმია”

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე, მიხეილ სააკაშვილს ბიძინა ივანიშვილის მიმართ გამოთქმული კრიტიკის გამო ზნედაცემულს უწოდებს.
ბრეგაძის განცხადებით, ივანიშვილის დროინდელ მთავრობას შესაძლოა, საგარეო თუ საშინაო, ეკონომიკურ, თუნდაც საკადრო საკითხში გაუწიო ოპონირება, მაგრამ მისთვის კორუფციისა და სახელმწიფოს ხარჯზე გამდიდრების სურვილის დაბრალება, ზნედაცემულობა, უმადურობა და მანიაკალიზმია.
„მაქსიმალურად თავს ვიკავებდი, რომ ჩაძირული გემის მღრღნელებისთვის, „ნაცმოძრაობიდან” პასუხი გამეცა. წაქცეულები არიან და წაქცეულზე წიხლის მიყოლება არაა მოსაწონი, მაგრამ ვითმინე, ვითმინე, ვითმინე და სააკაშვილის გუშინდელმა, ბოღმითა და ღვარძლით ნაცოდვილარმა ინტერვიუმ მოთმინების ფიალა აავსო. წაქცეული ნაცების ადგილზე, ნებისმიერი სხვა თავად მოსთხოვდა პასუხს სააკაშვილს, რადგან მისი ეგზალტირებული ინტერვიუები კიდევ უფრო აძლიერებს აგრესიას ნაცების მიმართ და მუდმივად ახსენებს, ზოგჯერ მივიწყებულ მათ დანაშაულებს საზოგადოებას.
თითქოსდა, მთელ ქართველ საზოგადოებას მოუწოდებს სააკაშვილი, რომ აგერ ჩემი ყოფილი თანამებრძოლები ჩემთვის საზარბაზნე ხორცია და რაც გინდათ, ის უყავითო. სხვას ვერაფერს მიაწერ გუშინდელ ინტერვიუში ხალხისთვის იმის შეხსენებას, რომ 9 წელი მანიაკთა ბანდა მართავდა ქვეყანას. ვუცქერდი უტიფრობითა და ხელისუფლებაში დაბრუნების მანიაკალური სურვილით შეპყრობილ ამ კაცუნას და თავისთავად გონებაში ამომიტივტივდა ყველა ის ამაზრზენი რამ, რაც მისი მმართველობის 9 წლის მანძილზე სუფევდა. თუმცა „კომკავშირული” უტიფრობა ყველაზე ამაზრზენი რამ იყო, რაც მოვისმინეთ. კაცი რომ ბიძინა ივანიშვილს საქართველოში გამდიდრების სურვილს დააბრალებს და კორუფციაში დაადანაშაულებს, მარტო უტიფარი კი არ არის, ზნედაცემული და ყველაფრის მკადრებელია. შესაძლოა, საგარეო თუ საშინაო, ეკონომიკურ, თუნდაც საკადრო საკითხში გაუწიო ოპონირება ბატონი ივანიშვილის დროინდელ მთავრობას, მაგრამ კაცს, რომელიც მილიარდებს ხარჯავს ქველმოქმედებაში, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმენი და უმდიდრესი პიროვნება გახლდათ ხელისუფლებაში მოსვლამდე, დააბრალო კორუფცია თუ სახელმწიფოს ხარჯზე გამდიდრების სურვილი, ზნედაცემულობა, უმადურობა და მანიაკალიზმია, სხვა უფრო უარესი თუ არა”, – განაცხადა ბრეგაძემ.
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, ყოფილ პრეზიდენტს წარსულს ახსებნებს და აცხადებს, რომ მას მაინც ახსოვს როგორ მოვიდნენ ხელისუფლებაში და რამდენი მილიონი იშოვეს ქვეყნის სათავეში ყოფნისას.
“ყველაზე სამწუხარო კი ისაა, რომ სააკაშვილსაც და მის მაქებარ ჟურნალისტებსაც ქართველი საზოგადოება იმდენად უჭკუო და განუვითარებელი ჰგონიათ, რომ სჯერათ, მათ ნათქვამს დაიჯერებს, მიშას მოინატრებს და მანიაკთა ბანდას ხელისუფლებაში დააბრუნებს. ჩემს ხელისუფლებაში არც მე და არც ჩემს ჩინოვნიკებს ფული არ გვიშოვიაო, – ამბობს ურცხვად და ალბათ გულში თავადვე ეცინება. სხვას რომ თავი დავანებოთ, მე მაინც მახსოვხართ, როდესაც თქვენმა მამამ, შევარდნაძემ პარლამენტში მოგიყვანათ მიშა, მერაბიშვილი და ადეიშვილი, დამოკლებული შარვლებით და გაცრეცილი ფეხსაცმელებით და თუ როგორ იშოვეთ მილიონები ხელისუფლებაში მოსვლის პირველსავე თვეებში! მთელ საქართველოს ჭამდით! ყველა დიდ ბიზნესში თქვენი წილები იყო და ახლა არ მითხრათ, რომ ოფიციალურად, რამდენიმე ასეული მილიონის პატრონ კეზერაშვილს ეს ქონება მემკვიდრეობით ერგო, ან ბილ გეიტსივით ისეთი ჭკვიანია, რომ ახალი „ვინდოუსი” გამოიგონა და ამით გამდიდრდა. თქვენი მთავრობის თავდაცვის მინისტრი, ამჟამად ოფიციალური მილიონერი კეზერაშვილია! თქვენი მთავრობის კორუფციის და მექრთამეობის სახე, მილიონერი მერაბიშვილია!
თქვენი მთავრობის კორუფციის სახე, მილიონერი ადეიშვილია! თქვენი მთავრობის კორუფციის სახე – თემურ ალასანიაა! კიდევ რამდენი ჩამოვთვალო, არ ვიცი, მაგრამ მთავარი კორუფციის ბუდე მაინც სააკაშვილია, სათავე იმ სიმსივნისა, რომელიც სწორედ რომ ბიძინა ივანიშვილმა მოაცილა საქართველოს და ეს სიმსივნე ვეღარასოდეს აღმოცენდება, რადგან საბედნიეროდ, ქართველმა ერმა ის სახადი, რასაც სააკაშვილის რეჟიმი ერქვა, წარსულის სანაგვეზე მოისროლა! ტყუილია, მიშა, შენი მანიაკალური იმედები, რომ ოდესმე დაბრუნდები. უბრალოდ, უკრაინა და ოდესა მებრალება, რადგან ვიცი, შენი იქ ყოფნით რა უდიდესი საფრთხის წინაშეა ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხი. იმედია, ისინიც მალე მოიშორებენ სახადს, რომელსაც სახელად შენი სახელი ეწოდება”, – განაცხადა ბრეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები