თბილისის მერიაში 520 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა
დედაქალაქის მერიაში 520 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ მიიღო. როგორც მერიაში განმარტავენ, კომისიამ, ასევე დაადგინა კონკურსის ეტაპები, შეფასების ფორმები, პირობები და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესები.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით, კონკურსი სამ ეტაპად გაიმართება. პირველ ეტაპზე მოხდება შემოსული განცხადებების გადარჩევა კონკურსანტებისთვის დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. განცხადების წარდგენა კონკურსანტებს 3 ივნისიდან 13 ივნისის ჩათვლით შეეძლებათ.
კონკურსის მეორე ეტაპზე კონკურსანტები გაივლიან ტესტირებას. ტესტირების ეტაპზე აუცილებელ ქულათა მინიმალური ზღვრული ოდენობა კონკურსანტის მიერ გაცემული სწორი პასუხების 75%-ით, ანუ 60 კითხვიდან არანაკლებ 45 სწორი პასუხის ოდენობით განისაზღვრა.
მესამე ეტაპზე მოხდება მეორე ეტაპზე გასულ კონკურსანტებთან გასაუბრება. გასაუბრების ეტაპზე მინიმალური გამსვლელი ზღვარი განისაზღვრა სპეციალიზებული კომისიის დამსწრე წევრთა მიერ ინდივიდუალურ საშუალო არითმეტიკულ შეფასებათა საშუალო არითმეტიკული მაჩვენებლით – ჯამში არანაკლებ 3 ქულით.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ საჯარო სამსახურის ბიუროს შესაბამის ვებგვერდზე – www.hr.gov.ge.