ირაკლი ტრიპოლსკი და დიმიტრი ხუნდაძე მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის ბრალდებებს პასუხობენ
პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატები – ირაკლი ტრიპოლსკი და დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილის, კობა არაბულის საგაზეთო ინტერვიუს ეხმაურებიან. ირაკლი ტრიპოლსკიმ და დიმიტრი ხუნდაძემ დღეს მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილის, კობა არაბულის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვეს და სამართალდამცავებს მიმართეს.
თავად ირაკლი ტრიპოლსკი კობა არაბულის განცხადებებს ცილისწამებად აფასებს. როგორც დეპუტატი აცხადებს, გაზეთში მოყვანილი ფაქტებით სამართალდამცავები უნდა დაინტერესდნენ. მისი თქმით, თუ კობა არაბულის მიერ მოყვანილი ფაქტები არ დადასტურდება, მაშინ მან თანამდებობა უნდა დატოვოს.
„ეს არის აბსოლუტურად უსაფუძვლო, ეს არის ცილისწამებლური განცხადება, მე არასოდეს არ ჩავრეულვარ არანაირ ტენდერში, გამგეობის საქმიანობაშიც კი არ ჩავრეულვარ. მივმართავ სამართალდამცავებს, რომ გამოძიონ ეს ყველა გაჟღერებული ბრალდება“, – აღნიშნა ირაკლი ტრიპოლსკიმ.
კობა არაბულის ბრალდებებს მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძეც გამოეხმაურა.
„მოვითხოვ არა მხოლოდ მისგან, არამედ შესაბამისი სამსახურებისაგან, დააზუსტონ ეს ინფორმაციები, რაც გაჟღრდა, იმიტომ რომ არ შეიძლება საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში. მე შემიძლია ერთი მაგალითი მოვიყვანო, რომელიც საგაზეთო მასალაში იყო გამოყენებული, რომ თითქოსდა, სოფელ ქსოვრისში ჩატარდა მილიონ 300-ათასიანი ტენდერი და ეს პროექტი არის თავიდან განსახორციელებელი. მე ბატონ კობას ვეთანხმები, რომ ეს ტენდერი ხელახლა არის ჩასატარებელი, მაგრამ ვურჩევ, კარგად წაიკითხოს ამ ტენდერის შესახებ ინფორმაცია, რადგან ეს ტენდერი ჩატარებულია 2010 წლის სექტემბერში“, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.
შეგახსენებთ, რომ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე, კობა არაბულმა “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ტენდერების კანონდარღვევით გამართვის ფაქტებზე ისაუბრა. მისი თქმით, დუშეთის მუნიციპალიტეტში ტენდერებთან დაკავშირებით ბევრი დარღვევაა. კობა არაბულმა ინტერვიუში კონკრეტულ ფაქტებზეც ისაუბრა. მან ასევე აღნიშნა, რომ პროექტები არაკვალიფიციურად მზადდება, ხოლო მინისტრები და დეპუტატები ტენდერების საკითხებში ერევიან.