„სითი პარკმა“ უნდა იგრძნოს და გავიდეს იქიდან, სადაც ის არასასურველი სუბიექტია“
„სითი პარკს“ ავტომობილის სადგომიდან მოტაცება აეკრძალა იმ დათქმით, თუ ის ხელს არ უშლის მოძრაობას, არ ქმნის საცობს, ან საავარიო სიტუაციას“,- აღნიშნული განცხადება პორტალ „კვირას“ პრესკლუბში თბილისის საკრებულოს წევრმა შალვა ოგბაიძემ გააკეთა.
საკრებულოს დეპუტატის განცხადებით, „სითი პარკი“ კორუფციული გარიგებების პირდაპირი ლოგო და ნიშანია, წინა ხელისუფლების მხრიდან მისთვის მინიჭებული გადამეტებული უფლებები კი სისხლის სამართლებრივ ნიშნებს შეიცავს.
„თუმცა გარკვეული არ არის, ვინ უნდა განსაზღვროს იგი – საპატრულო პოლიციამ, „სითი პარკის“ ოპერატორმა თუ ვინ? ხელისუფლებამ ვერ შეძლო, „სითი პარკისთვის“ გადიდებული უფლებები შეეზღუდა. ჩვენს დედაქალაქს გამართული საპარკინგე მეურნეობა სჭირდება, მაგრამ არ სჭირდება „სითი პარკი“, რომელიც კორუფციული გარიგებების პირდაპირი ლოგო და ნიშანია. საჯარიმო მოედანზე გადაყვანილი ავტომობილების საშუალებით ისინი ფულს იღებენ ჩვენი თანამოქალაქეებისგან, რომელიც კონკრეტული ადამიანების ჯიბეში მიედინება და არცერთი თეთრი თბილისის ბიუჯეტში არ შემოდის. წინა ხელისუფლების მხრიდან „სითი პარკისთვის“ ამ უფლების გადაცემა სისხლის სამართლებრივი ნიშნების შემცველი ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება იყო. ძალიან მალე ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად სამართლებრივ ჩარჩოში არსებულ პროცედურულ ომს დავიწყებთ „სითი პარკთან“. ეს იქნება ომი სამართლებრივ ჩარჩოში და თამაში ჯარიმის ზღვარზე ისე, რომ შემოსადავებელი მხარეს არ ჰქონდეს, „სითი პარკმა“ იგრძნოს, რომ უნდა ადგეს და გავიდეს იქიდან, სადაც ის არასასურველი სუბიექტია. „სითი პარკი“ კორუფციის პირდაპირი ლოგოა“,- განაცხადა შალვა ობგაიძემ. შალვა ობგაიძე ყვითელ სამარშუტო ტაქსებთან გაფორმებული ხელშეკრულების ანალიზსაც გეგმავს. ობგაიძის განცხადებით, აღნიშნული ხელშეკრულება სამართლებრივი ჩარჩოებიდან გასულია და 21-ე საუკუნის ტრეფიკინგის მაგალითია.
„ყვითელი ავტობუსებიდან საქარხნო ძრავების ამოღება და კუსტარული წესით სხვა ძრავების ჩაყენება და გაზის აპარატურის დაყენება დაიწყეს. ჩვენ ვმგზავრობთ გადაკეთებულ, გადატენილ მიკროავტობუსებში, ფეხზე დგომით, უკონდიციონეროდ, ასეთივე მსხვერპლნი ამ მიკროავტობუსის მძღოლები არიან, ესაა 21-ე საუკუნის ტრეფიკინგი. მათ ორ კვირაში, ხანაც თვეში ერთხელ ყოველდღიურ გადასახადს უძვირებენ. ეს გაუარესებულ გადაყვანებს, არაკომფორტული მგზავრობის პირობებს, ნაკლებად ხელშევლებული სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრობას ნიშნავს“,- აღნიშნა შალვა ობგაიძემ.