მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოდან 10 455 407 ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული

მიმდინარე წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, საქართველოდან მსოფლიოს 31 ქვეყანაში ექსპორტირებულია 10 455 407 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც თანხობრივად 30 151 039 აშშ დოლარს შეადგენს.
როგორც “კვირას“ ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, 5 თვის მონაცემებით, ექსპორტის მატებაა ისეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზრებზე, როგორიცაა ჩინეთი – 43%, იაპონია – 20%, ლატვია – 5%, ესტონეთი – 16%, გერმანია – 5%, აშშ – 28%, კანადა – 149%.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი – 4 760 721, ყაზახეთი – 1731126, უკრაინა – 1072530, პოლონეთი – 644672, ჩინეთი – 602917 ბოთლი.
მათივე ინფორმაციით, ცნობილი პოლიტიკურ-ეკონომიკური მოვლენების გამო, 2 უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში – რუსეთსა (-70%) და უკრაინაში (-57%) ექსპორტის მკვეთრმა კლებამ გავლენა იქონია იანვარ-მაისის თვეების ექსპორტის მონაცემებზე, რომელიც 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 54%-ითაა შემცირებული. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის პირველი 5 თვის ექსპორტის მაჩვენებელი აღემატება გასული წლების ანალოგიურ მაჩვენებლებს, 2014 წლის გამონაკლისით.
მაგალითისთვის: 2012 წელს ექსპორტირებული იყო 7 240 265 ბოთლი და 2013 წ. –9 212 386 ბოთლი ღვინო. კლება არის 2014 წელთან შედარებით (22 779 153), რაც განპირობებულია გასულ წელს რუსეთის ბაზარზე ღვინის გატანის პიკური მაჩვენებლით. ამასთან ერთად, საანგარიშო პერიოდში 15 ქვეყანაში ექსპორტირებულია 1 973 829 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც თანხაში 5 714 271 აშშ დოლარს აღწევს. ბრენდის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის კვლავ ლიდერობენ რუსეთი (1 294 883) და უკრაინა (458 544).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები