ნინო ლომჯარია: თუ სააკაშვილმა დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, ქვეყნის პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას ვერ შეძლებს
უცხო ქვეყნის მოქალაქეს ეკრძალება პოლიტიკური მოღვაწეობა, წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა – ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შემთხვევაში, ქვეყანაში პოლიტიკურ მოღვაწეობას ვეღარ შეძლებს.
“კანონმდებლობით პოლიტიკურ საქმიანობას საქართველოში შესაძლებელია ეწეოდეს მხოლოდ ამ ქვეყნის მოქალაქე, ანუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ეკრძალება პოლიტიკური მოღვაწეობა, წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა და ა.შ. შესაბამისად, თუ მიხეილ სააკაშვილმა დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, ის ვერ შეძლებს საქართველოს პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
როგორც უკრაინელმა დეპუტატმა, პეტრო პოროშენკოს ბლოკის წევრმა, მუსტაფა ნაიემმა “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე დაწერა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. იგივე ინფორმაცია სოციალურ ქსელში კიდევ ერთმა უკრაინელმა დეპუტატმა, სერგეი ლეშენკომაც დაწერა.