„მიკვირს, რატომ დათანხმდა ამ თანამდებობას ზაზა აბაშიძე“
ორგანიზაცია „ივერიას“ წარმომადგენელი კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკოლოზ რურუა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის პოსტზე ბუბა კუდავას ზაზა აბაშიძით ჩანაცვლების ფაქტს გამოეხმაურა.
რურუას შეფასებით, კუდავა მასზე დაკისრებულ მოვალეობას თავს წარმატებით ართმევდა. კულტურის ყოფილმა მინისტრმა ხელნაწერთა ინსტიტუტში რაიმე დარღვევები გამორიცხა. მისი შეფასებით, დარღვევებზე საუბარი ხელისუფლების მხრიდან თანამშრომელთა დაშინების მცდელობაა.
მისივე განცხადებით, უმჯობესი იქნება, თუ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი განათლების სამინისტროს ნაცვლად, საქართველოს პარლამენტის დაქვემდებარებაში გადავა.
„ბუბა კუდავა ამ საქმეს კარგად ემსახურებოდა, ეს საქმის რეზულტატმა და თანამშრომლების მხარდაჭერამ დაამტკიცა. ხელნაწერთა უნიკალური კოლექცია, რომელიც საქართველოს აქვს, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი საყრდენია და არცერთი ჩვენი ხელნაწერის გაჩუქების უფლება არ აქვს არავის. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა არის ჩვენი ვინაობის განუყოფელი ნაწილი, ამიტომ იქ საჭიროა, რომ იყოს ადამიანი, ვინც ამ სამუშაოს კომპეტენტურად ჩაატარებს. ბუბა კუდავა ახერხებდა დაეცვა, მოევლო, განევითარებინა, მისი პოპულარიზაცია მოეხდინა. რაც შეეხება ახალ ხელმძღვანელს, ზაზა აბაშიძე ჩემი ისტორიის მასწავლებელი იყო და ადამიანურად მე ის მიყვარს, ამასთანავე, მე მიკვირს, რატომ დათანხმდა ამ თანამდებობას ასეთ გაფუჭებულ და კონფლიქტურ გარემოში. ხელნაწერების ცენტრი ძალიან თანამედროვე მოვლა-პატრონობას და ბიუჯეტის გაზრდას საჭიროებს, რასაც ბუბა კუდავა წლების განმავლობაში ცდილობდა.
ძალიან სამარცხვინოდ მოიქცა ჩვენი განათლების მინისტრი, რომელიც პროკურატურით ემუქრება საკუთარ თანამშრომლებს, რადგან სხვა არაფერი შეუძლია. ამაზე ქვემოთ დაცემა ძნელი წარმოსადგენია. თუ დარღვევები იყო, სად იყვნენ აქამდე? რეალურად ამ დარღვევებით მათი თანამშრომლების დაშინებას ცდილობენ. კუდავა პატიოსანი კაცია, მას ვერანაირ დარღვევას ვერ აღმოუჩენენ.
ხელნაწერთა ინსტიტუტი უმჯობესია არა განათლების სამინისტროს, არამედ ეროვნული ბიბლიოთეკის მსგავსად პარლამენტს დაექვემდებაროს. პარლამენტი ნაკლებ თვითნებობას გამოიჩენს და ხელნაწერთა ცენტრს მეტი ავტონომია ექნება“, – განაცხადა ნიკა რურუამ.