გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო სავაჭრო პალატის საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრას დაესწრო (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ გამართულ მე-9 საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრას სტუმრის სტატუსით დაესწრო.
ქვეყნის პირველმა პირმა საბჭოს წევრებს სიტყვით მიმართა. გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ინვესტორებისათვის და ზოგადად ბიზნესის განვითარებისათვის შექმნილ ხელსაყრელ გარემოსა და პირობებზე ისაუბრა. საქართველოს პრეზიდენტმა ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების მნიშვნელობაც აღნიშნა და ყურადღება საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების საფუძველზე შექმნილ ახალ პერსპექტივებზე გაამახვილა.

სახელმწიფოს მეთაურმა ქვეყნის ეკონომიკის სირთულეებსა და გამოწვევებზეც ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია მთავრობას ჰქონდეს მჭიდრო კომუნიკაცია ბიზნესსექტორთან, რაც უზრუნველყოფს შესაბამისი კანონმდებლობის და დაგეგმილი პროექტების ჰარმონიულ განვითარებას, სახელმწიფოს ეკონომიკის გაუმჯობესებასა და წინსვლას.
„როდესაც ვნერგავთ ახალ პრაქტიკას, ვავითარებთ ახალ პროექტებსა და კანონმდებლობას, აუცილებელია გვქონდეს უფრო მჭიდრო დისკუსია ბიზნესსაზოგადოებასთან. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბიზნესისათვის, ეკონომიკური გარემოსათვის, არამედ ყოველივე ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოსათვის, ქვეყნის ეფექტიანი განვითარებისათვის და ინტეგრაციისათვის იმ მიზნებთან, რომელსაც ჩვენ პოლიტიკურად ვსახავთ; ეს არის საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში, ევროპულ ბაზართან და საქართველოს, როგორც ძლიერი სატრანზიტო სახელმწიფოს როლი. ყველა ეს მიზანი გაცხადებული და აღიარებულია პოლიტიკური ლიდერების მიერ. ვფიქრობთ, რომ როდესაც ვსაუბრობთ და განვიხილავთ შესაბამის ახალ კანონმდებლობას, ყველა ეს საკითხი განხილული უნდა იყოს ბიზნეს სექტორთან მჭიდრო კომუნიკაციაში და უნდა მოვძებნოთ საუკეთესო გადაწყვეტილებები, რომელიც ჩვენს მოსახლეობას კეთილდღეობას მოუტანს, შეამცირებს უმუშევრობის დონეს და გააუმჯობესებს საქართველოს ეკონომიკას“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილმა ყურადღება ეროვნული ბანკისათვის საზედამხედველო ფუნქციის შესაძლო ჩამორთმევის თემაზეც გაამახვილა.
„გვჯერა, რომ ქვეყანაში ჯანსაღი და ძლიერი ბიზნესკლიმატი არის მაშინ, როდესაც ნაკლებია პოლიტიკის ჩაბმულობა და მონაწილეობა ბიზნესში. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ბიზნესისთვის დაცული, სტაბილური, პროგნოზირებადი და ხელსაყრელი გარემო. მოულოდნელობები, მხოლოდ პოლიტიკურ ნებაზე დაფუძნებული შეუთანხმებელი გადაწყვეტილებები, სწრაფი ცვლილებები არ წარმოადგენს ამ პროცესის ხელშემწყობ გარემოებას.
ამ თვალსაზრისით, მე მსურს შევეხო ეროვნული ბანკის ფუნქციის ცვლილების საკითხს და აღვნიშნო, რომ არსებობს ბევრი მიზეზი თუ რატომ არ უნდა გავაკეთოთ ეს და არ არსებობს კონკრეტული, განსაზღვრული მიზეზი თუ რატომ უნდა შევცვალოთ კანონმდებლობა და არსებული გარემო. ჩვენ არ მოგვისმენია არცერთი არგუმენტი ამ ცვლილების სასარგებლოდ, გარდა იმ კომენტარებისა, რომ ეს სისტემა ზოგიერთ ქვეყანაში ფუნქციონირებს. შესაძლოა ეს ასეა, მაგრამ სახელმწიფოთა დიდ ნაწილს მსგავსი სისტემა არ აქვს და ვითარებაში, როდესაც ჩვენ ვცდილობთ დავასტაბილუროთ და შევქმნათ ეკონომიკა, ეკონომიკური პროგნოზირების სისტემა და გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ განვითარებას, მათ შორის სავალუტო სტაბილიზაციას, ვფიქრობ მსგავსი გადაწყვეტილებები არ მოქმედებს ჩვენი მთავარი მიზნის – ეკონომიკის გაძლიერების სასარგებლოდ.

ჩვენ აქტიურად განვიხილავთ ამ საკითხს. მოვისმინეთ ძალიან გულახდილი და სიღრმისეული კომენტარები ბიზნესსექტორის, ექსპერტების და ეკონომიკის სფეროს წარმომადგენლებისგან და ვიმედოვნებ, რომ ეს ძალიან ღია პროცესი მიგვიყვანს წრფელ დისკუსიამდე და პარლამენტში არ ვიხილავთ კანონს, რომელზეც პრეზიდენტს მოუწევს ვეტოს დადება“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
სავაჭრო პალატის მიერ გამართულ მე-9 საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრას საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი უძღვებოდა. ასევე მოწვეულნი იყვნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
საქართველოს პრეზიდენტთან ერთად შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილიც დაესწრო.
margvela2
margvela3
margvela4
margvela5
margvela6

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები