ჯანდაცვის საერთაშორისო პროექტის მართვის საბჭომ მუშაობა დაიწყო
საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფ „გლობალ ალიანსსა“(Global Alliance for Health and Social Compact- GAHSC) და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის გრძელვადიანი შეთანხმების ფარგლებში ჩამოყალიბებულმა საერთაშორისო პროექტების მმართველმა საბჭომ მუშაობა დაიწყო.
საერთაშორისო პროექტის მართვის საბჭოს პირველ სხდომაზე განისაზღვრა საბჭოს პერსონალური შემადგენლობა. საბჭო პარიტეტულ საწყისებზე სამინისტროსა და ალიანსის 6-6 წევრისგან დაკომპლექტდა. საბჭოში ქართული მხრიდან შედიან: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და საბჭოს თავმჯდომარე ვალერი კვარაცხელია; მინისტრის მოადგილეები – ზაზა სოფრომაძე და გაიოზ თალაკვაძე; სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძე და სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სააგენტოების ხელმძღვანელები – გია თვალავაძე და თენგიზ აბაზაძე. „გლობალური ალიანსის“ მხრიდან საბჭოს წევრები გახდნენ: პრეზიდენტი, საბჭოს თანათავმჯდომარე, დოქტორი ჟან-ელი მალკინი; პროგრამის დირექტორი, ანა ასეიევა-აუთვეითი ; საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, დოქტორი რუფათ იანსუპოვი; სტრატეგიული განვითარების მრჩეველი, დოქტორი იური სუბოტინი; მრჩეველი ჯანდაცვის სისტემის ფინანსირების საკითხებში ფრანკ დროინი; მრჩეველი ჯანდაცვის სისტემის რეგულირების საკითხებში კაროლინ მასკრეტი. საბჭოს აღმასრულებელ მდივნად არჩეულ იქნა ლაშა ზაალიშვილი. საბჭოს ეფექტიანი მუშაობისთვის შიქმნა საბჭოს სამდივნო, რომელიც გაუწევს კოორდინირებას პროექტის მართვის საბჭოსა და სამუშაო ჯგუფებს შორის მიმდინარე მუშა–პროცესს.
ლაშა ზაალიშვილის განცხადებით, ამ მიზნის მიღწევისთვის სამდივნო განახორციელებს ადმინისტრაციული, საკომუნიკაციო, და პროგრამული ღონისძიებების მხარდაჭერას და შეიმუშავებს სტანადარტულ საოპერაციო პროტოკოლებს.
„პროექტის რეალიზაციის საჭიროებებიდან გამომდინარე, საბჭოს პირველივე სხდომაზე დავადგინეთ საკვანძო საკითხები. დაკომპლექტდა ექსპერტთა ჯგუფები, რომლებიც ჯანდაცვის ცალკეულ მიმართულებებზე დაკონცენტრირდებიან. უკვე შექმნილია 14 სამუშაო ჯგუფი. საერთაშორისო პროექტის წარმატებული რეალიზებისთვის, შეთანხმდა ანალიტიკური ანგარიშების მომზადების ვადებიც,“ – განაცხადა ლაშა ზაალიშვილმა. მისი თქმით, საბჭოს ერთ–ერთი მთავარი მიმართულება ასევე იქნება ქართულ სამედიცინო საზოგადოებასთან მჭიდრო კონტაქტის დამყარება და სისტემის გაუმჯობესებისთვის რჩევებისა და რეკომენდაციების შემუშავების პროცესში სამედიცინო პროფესიული გაერთიანებების ჩართულობის უზრუნველყოფა. „ამ კუთხით კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგმულია, – გაიმართა საბჭოს თანათავმჯდომარის დოქტორ ჟან-ელი მალკინის შეხვედრა „საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების“ წევრებთან, სადაც ქართული სამედიცინო საზოგადოება გაეცნო „გლობალური ალიანსის„ ხედვებს საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული გრძელვადიანი შეთანხმებისა და საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ევროკავშირის სტანარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კონტექსტში. მე მოხარული ვარ, რომ ქართველმა მედიკოსებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ საბჭოსთან არსებულ სამუშაო ჯგუფებში,“ – განაცხადა ჯანდაცვის საერთაშორისო პროექტის მართვის საბჭოს აღმასრულებელმა მდივანმა ლაშა ზაალიშვილმა. საქართველოს მთავრობასა და „გლობალ ალიანსს“ შორის გაფორმებული გრძელვადიანი შეთახმება ითვალისწინებს ჯანდაცვის სისტემის მართვის ინოვაციური, ხარჯეფექტური პროგრამის შემუშავებას, საქართველოს ჯანდაცვის სტანდარტების ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას, ხარისხიან სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.