„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში“ ცვლილებები შევიდა
საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში“ ცვლილებები შევიდეს. კერძოდ, “შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში ძირითადი და საბრუნავი საშუალებების კომპონენტების სესხის თანხის ქვედა ზღვარი განისაზღვრა 20 000 ლარით, ნაცვლად 12 000 აშშ დოლარისა და ბენეფიციარებს კვლავ შეეძლებათ 3, 2, 1 და ხშირ შემთხვევაში 0-პროცენტიანი სესხებით ისარგებლონ.
ამ ცვლილებით, სესხის მინიმალური თანხის მოცულობა ლარის კურსის ცვლილებაზე დამოკიდებული აღარ იქნება, შესაბამისად, მოსახლეობისთვის „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი” კიდევ უფრო ხელმისაწვდომი იქნება.
კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც ღვინის მწარმოებელი კომპანიებს დააინტერესებს, 2014 წელს ყურძნის შესყიდვის მიზნით გაცემული სესხების ვადის გახანგრძლივებას 21 თვემდე გულისხმობს. ეს სიახლე ღვინის კომპანიებს საკუთარი საქმიანობის ეფექტურად წარმართვაში შეუწყობს ხელს და გაუხანგრძლივებს პროდუქციის სარეალიზაციო დროს. „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტებს“, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, 2013 წლიდან ახორციელებს. ამ პროექტის ფარგლებში 860 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის 23 ათასი სესხი უკვე გაცემულია.