15 ივნისიდან „სითი პარკი“ მანქანებს სპეციალურ სადგომზე ვეღარ გადაიყვანს

კომპანია “სითი პარკს” დგომა-გაჩერების წესების დარღვევით გაჩერებული სატრანსპორტო საშუალებების სპეციალურ სადგომზე გადაყვანის უფლება შეეზღუდა, – შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით მიიღო და 15 ივნისიდან ამოქმედდება.

ამ ცვლილების თანახმად, კომპანიას უფლება აღარ ექნება, მანქანა სპეციალურ სადგომზე გადაიყვანოს, თუკი არ ქმნის საავარიო სიტუაციას, არ აფერხებს ფეხით მოსიარულეებს ან არ წარმოშობს საცობს. ყველა სხვა შემთხვევაში, თუკი მანქანა დგომა-გაჩერების წესების დარღვევით დგას, მძღოლი მხოლოდ ადმინისტრაციული წესით – 10 ლარით დაჯარიმდება.

ცვლილებები, რომლის ავტორი და ინიციატორია დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” აისახა. კანონში კიდევ ერთი სიახლე შევიდა, რომლის მიხედვითაც, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანო, ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებული ხდება, უზრუნველყოს, სადგომაზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის დაუყონებლივი მიღების შესაძლებლობა – ცხელი ხაზის, ან ელექტრონული ტექსტური შეტყობინების მეშვეობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები