„საქართველო ღარიბი ქვეყანაა და არ შეიძლება პრეზიდენტს თეთრი სახლის ოდენა რეზიდენცია ჰქონდეს“
ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციას უგემოვნოს და საქართველოს პრეზიდენტისთვის შეუფერებელად მიიჩნევს, – ამის შესახებ თვალჭრელიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.
ექსპერტმა საუბრისას პრეზიდენტისთვის ახლად გარემონტებული ორბელიანის სასახლის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის სასახლეს ისტორიული დატვირთვაც ჰქონდეს. თვალჭრელიძე მიიჩნევს, რომ სასახლე, რომელსაც გიორგი მარგველაშვილს მთავრობა სთავაზობს, საქართველოს პრეზიდენტისთვის იდეალური იქნება, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ექსპერტი დაუშვებლად მიიჩნევს საქართველოსთანა ღარიბი ქვეყნის პრეზიდენტს „თეთრი სახლის ოდენა რეზიდენცია ჰქონდეს“.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი პრემიერის მოწოდებას, გადავიდეს ახალ რეზიდენციაში, არ დაუჯერებს. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ დატოვა ეს შენობა, მე ვთქვი, რომ ეს არის შესანიშნავი შენობა პრეზიდენტის რეზიდენციისთვის.
პრეზიდენტის რეზიდენციას ტრადიციული ფესვები და მორალურ – ეთიკური დატვირთვა უნდა ჰქონდეს. ორბელიანის სასახლის მსგავსი ძალიან ცოტაა თბილისში და მათ სახელმწიფოებრივი ფუნქცია უნდა მიეცეთ. მეორე ისაა, რომ საქართველო ღარიბი ქვეყანაა და არ შეიძლება პრეზიდენტს თეთრი სახლის ოდენა რეზიდენცია ჰქონდეს. ასეთი პოსტმოდერნისტული შენობა, ჩემი აზრით, პრეზიდენტის ინსტიტუტს აკნინებს. ეს თაობათა მემკვიდრეობითობის პრინციპს არღვევს. ჩემი მრავალი წლის წინ გამოთქმული მოსაზრება, რომ ორბელიანის სასახლე კარგი იქნებოდა პრეზიდენტის რეზიდენციისთვის, ყურთ იღეს. ახლანდელ რეზიდენციაში ძალიან პატარა ოთახებია, ცოტაა მასში ნორმალური დარბაზი, ეს უფრო სამუზეუმო სივრცეა. საქართველოს პრეზიდენტს ასეთი უგემოვნო შენობა ნამდვილად არ ეკადრება“, – განაცხადა სანდრო თვალჭრელიძემ.