გიგლა აგულაშვილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონს სტუმრობდა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონს სტუმრობდა, სადაც პროგრამის – „2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარალებული ბორჯომის ხეობის ხელშეწყობა“ ფარგლებში ფინეთის მთავრობამ და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) სამწლიანი პროგრამის შედეგები წარადგინეს.
როგორც „კვირას“ სამინისტროდან აცნობეს, მინისტრთან ერთად, ბორჯომის ხეობაში ფინეთის ელჩი საქართველოში ქრისტერ გუსტაფ მიხელსონი და გაეროს პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე შომბი შარპი იმყოფებოდნენ.
2012 წლიდან დღემდე ტყის აღდგენითი სამუშაოები 80 ჰექტარზე ჩატარდა. დაირგო 120 ათასზე მეტი ხის ნერგი, მათ შორის ბორჯომის ხეობისათვის დამახასიათებელი ნაძვი, ფიჭვი, მაჟალო, პანტა და მუხა. 60 ჰექტარი აღდგა ფინეთის მთავრობისა და UNDP-ის ხელშეწყობით, ხოლო 20 ჰექტარი – ავსტრიის მთავრობის დახმარებით. 1 მილიონ ევროზე მეტი ბიუჯეტის მქონე პროგრამამ ასევე ხელი შეუწყო სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარებას ბორჯომის რეგიონში, საფუძველი ჩაუყარა გარემოსდაცვით განათლებას სკოლებში. 700-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთო გარემოსდაცვით საქმიანობაში ახალგაზრდული ეკოკლუბებისა და საზაფხულო ბანაკების მეშვეობით. წაღვერში ფერმერთა საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა, ვეტერინარული მომსახურების ცენტრი და სასოფლო-სამეურნეო ლაბორატორია. დაიწყო ეკო-სოფლის ელემენტების დანერგვა – ენერგოეფექტური ტექნოლოგიების შემოღება, ბიო ფერმერობის გაცნობა. 700-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთო გარემოსდაცვით საქმიანობაში ახალგაზრდული ეკო კლუბებისა და საზაფხულო ბანაკების მეშვეობით. გაუმჯობესდა ტურისტული ინფრასტრუქტურა – განახლდა წაღვერის პარკი, გაიხსნა ახალი ტურისტული მარშრუტები, ჩატარდა საინფორმაციო კამპანია.
2008 წლის ომმა უდიდესი ზარალი მიაყენა როგორც ბორჯომის ხეობის უნიკალურ ეკოსისტემას, ასევე ადგილობრივ სოფლებს. ტყე სრულად ან ნაწილობრივ განადგურდა 950 ჰექტარზე. საქართველოს მთავრობის, ფინეთის მთავრობისა და UNDP-ის ერთობლივმა ინიციატივამ საფუძველი ჩაუყარა ტყის საფარის აღდგენასა და ბორჯომის ხეობის ახალ განვითარებას, როგორც მწვანე ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის რეგიონის.