კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ფილმის ჩვენება გაიმართა

„ჯარის მეგობართა საზოგადოების“ პროექტის ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებისთვის კინოჩვენებები გრძელდება.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის პირადი შემადგენლობისთვის რეჟისორ რეზო ჩხეიძის მხატვრული ფილმის „ღიმილის ბიჭების“ ჩვენება გაიმართა.
დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო რეჟისორის ხსოვნას. კადეტთა ლიცეუმში ფილმში მონაწილე მსახიობები: ნუგზარ ბაგრატიონი, კახა ქორიძე და გოჩა ლომია იმყოფებოდნენ. ნუგზარ ბაგრატიონმა კადეტთა სამხედრო ლიცეუმს სამახსოვროდ საქართველოს სამეფო სახლის გერბი, ასევე რეზო ლაღიძისა და პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკის მუსიკალური აუდიოჩანაწერი – „გვიხმობს სამშობლო“ გადასცა. ფილმის დასრულების შემდეგ, მსახიობებმა ჯარისკაცებს გადაღების პროცესის საინტერესო ისტორიები უამბეს და სამხედროების შეკითხვებსაც უპასუხეს.
ჩვენება თავდაცვის სამინისტროსა და კინოცენტრს შორის არსებული მემორანდუმის საფუძველზე განხორციელდა. მსგავსი ღონისძიებები შეიარაღებულ ძალებში ქართველი სამხედროებისთვის მუდმივად იმართება. კინოჩვენებებს სისტემატური ხასიათი აქვს და სხვადასხვა ბატალიონსა და სამხედრო ნაწილში ეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები