ქართულ-ამერიკული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2015” დასრულდა
ვაზიანში ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლების „ღირსეული პარტნიორი“ დასრულებისადმი მიძღვნილი ცერემონიალი გაიმართა. სწავლების დასრულება სამხედროებმა საჩვენებელი წვრთნით აღნიშნეს. ქართველმა და ამერიკელმა სამხედროებმა ამერიკული „ბრედლებით“ და ქართულ შეიარაღებაში არსებული ქვეითთა საბრძოლო მანქანებით ქსმ2 შეტევის ოპერაცია განახორციელეს.
ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და საქართველოს პარლამენტის წევრები დაესწრნენ. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ეს სწავლება ხელს შეუწყობს საქართველოს შეიარაღებული ძალების წინსვლას და დაეხმარება ნატოში გაწევრიანების გზაზე.
„იმისთვის, რომ ეს სწავლება შემდგარიყო, არაერთმა ადამიანმა პრინციპული და მნიშვნელოვანი პოზიცია დააფიქსირა. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო უმაღლეს პოლიტიკურ, დიპლომატიურ, სამთავრობო დონეზე იმისთვის, რომ ეს ისტორიული სწავლება საქართველოს მიწაზე შემდგარიყო. ყველაზე დიდი წვლილი იმაში, რომ დღეს ჩვენ ამ სწავლებას ერთად ვატარებთ და წინ ვწევთ რეგიონის უსაფრთხოებასაც არის იმ ადამიანებში, ვისაც აცვია ფორმა და ვინც ემსახურება როგორც საქართველოს, ისე გლობალურ მშვიდობას წლების განმავლობაში”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. სამხედროებს სწავლების დასრულება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა მიულოცა. „მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენთან ერთად აღვნიშნავ ამ მნიშვნელოვანი სწავლების წარმატებით დასრულებას. ერთობლივი სწავლება ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი სამხედრო თანამშრომლობის განმტკიცებისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.
ამ დღეების განმავლობაში ქართველმა და ამერიკელმა სამხედროებმა მართლაც ღირსეული პარტნიორობა გაუწიეს ერთმანეთს. ეს წვრთნა არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი, რომ ქართული ჯარი იყო, არის და იქნება გლობალური უსაფრთხოების, საერთაშორისო მშვიდობისა და სტრატეგიული მეგობრების ერთგული და ღირსეული პარტნიორი“, – აღნიშნა ხიდაშელმა. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამხედრო მოსამსახურეებს სპეციალურად ამ სწავლებისთვის შექმნილი საპრეზიდენტო მედალიონები გადასცა. თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა უწყებრივი მედლებით ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვეს. „ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში პირველად ჩატარდა და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებას ისახავდა მიზნად. სწავლებაში მონაწილეობას დაახლოებით 600 ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იღებდა.