თინა ხიდაშელი: ერთობლივი სწავლება ორ ქვეყანას შორის, მრავალწლიანი სამხედრო თანამშრომლობის განმტკიცებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია

ეს წვრთნა კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ქართული ჯარი იყო, არის და იქნება გლობალური უსაფრთხოების, საერთაშორისო მშვიდობისა და სტრატეგიული მეგობრობის ერთგული და ღირსეული პარტნიორი – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ქართულ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო წვრთნების, “ღირსეული პარტნიორის” დახურვის ცერემონიაზე განაცხადა.
როგორც თინა ხიდაშელმა აღნიშნა, ერთობლივი სწავლება ორ ქვეყანას შორის, მრავალწლიანი სამხედრო თანამშრომლობის განმტკიცებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
“ეს წვრთნა კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ქართული ჯარი იყო, არის და იქნება გლობალური უსაფრთხოების, საერთაშორისო მშვიდობისა და სტრატეგიული მეგობრობის ერთგული და ღირსეული პარტნიორი. სწავლების შედეგად კიდევ უფრო გაიზარდა ჩვენი შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობა, საჭიროების შემთხვევაში ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილეობის მისაღებად. იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომელიც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყნის, ისევე, როგორც რეგიონის წინაშე დგას, საქართველოს დღეს, ისე, როგორც არასდროს, სჭირდება პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერა, რათა თავდაცვისუნარიანობა აიმაღლოს და საკუთარი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი დაიცვას”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა. მან მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც მისი თქმით, საქართველოს უპირველესი სტრატეგიული პარტნიორია.
როგორც თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, ამის მაგალითს წარმოადგენს ის, რომ 12 000-ზე მეტმა ქართველმა ჯარისკაცმა ინტენსიური მომზადება გაიარა ამერიკელი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით. “საქართველოსა და ამერიკის მეგობრობის საუკეთესო გამოვლინება იქნება 26 მაისს, როდესაც დამოუკიდებლობის დღეს ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცები ქვეყნის მთავარ მოედანზე ერთმანეთის გვერდიგვერდ იდგებიან“-აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები