ფრედერიკ ბენ ჰოჯესი: მეამაყება საქართველოსა და ამერიკის შეიარაღებულ ძალებს შორის თანამშრომლობა და ამერიკელი და ქართველი ხალხის მეგობრობა
მეამაყება საქართველოსა და ამერიკის შეიარაღებულ ძალებს შორის თანამშრომლობა და ამერიკელი და ქართველი ხალხის მეგობრობა – ამის შესახებ ამერიკელმა გენერალმა ფრედერიკ ბენ ჰოჯესიმ საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, თინა ხიდაშელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამერიკელმა გენერალმა ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე წინასწარ მიულოცა და აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ყურადღება გაამახვილა.
„მეამაყება საქართველოსა და ამერიკის შეიარაღებულ ძალებს შორის თანამშრომლობა და ამერიკელი და ქართველი ხალხის მეგობრობა. ევროატლანტიკური თანამშრომლობა და პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო ძლიერია, ვიდრე აქამდე. საქართველოს, როგორც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნის, მისი ევროპასთან კავშირი კიდევ უფრო მტკიცეა. სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ ჩვენთვის ძალიან ღირებულია. პირველად მოვახდინეთ სწავლებაში მონაწილე ჩვენი ჯავშანტრანსპორტიორების გადაადგილება შავი ზღვის გავლით. ამ სწავლებიდან ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ. ძალიან მოხარული ვარ, რომ ტრენინგი მომავალ წელსაც ჩატარდება და წელს მიღებული გამოცდილებაც გამოგვადგება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო თავისუფალი არჩევანის მნიშვნელობა ყველა ერისთვის. ეს ერთობლივი სწავლებაც სწორედ ამ თავისუფლების გამოხატულებაა“,- განაცხადა ამერიკელმა გენერალმა.
თინათინ ხიდაშელმა ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსანს საქართველო-ამერიკის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს მიმართ გამოხატული განსაკუთრებული თანადგომისა და საქართველოს ნატოსთან პარტნიორობის გაღრმავების მხარდაჭერისთვის კი გენერალი ჰოჯესი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „ოქროს საწმისის“ ორდენით დააჯილდოვა.