გენერალური შტაბის უფროსი ერთობლივი სწავლების „მაღალი დონის პარტნიორობის“ ქართველ და ამერიკელ ხელმძღვანელობას შეხვდა (ვიდეო)
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ერთობლივი სწავლების „მაღალი დონის პარტნიორობის“ ქართველ და ამერიკელ ხელმძღვანელობას შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ სწავლებისთვის მზადების პროცესი შეაფასა და სამხედრო მოსამსახურეებისგან წვრთნის მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. გენერალური შტაბის უფროსმა სწავლებისთვის განკუთვნილი ქართული და ამერიკული სამხედრო ტექნიკაც დაათვალიერა. 14 ერთეული ამერიკული ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლი“, ლოგისტიკური უზრუნველყოფის მანქანები და აღჭურვილობა ბათუმის პორტიდან ეშელონებით ვაზიანში გუშინ დილით ჩამოვიდა. მომზადდა წვრთნაში მონაწილე ქვეითთა საბრძოლო მანქანები ქსმ 2-ებიც.
„მაღალი დონის პარტნიორობაში“ სამხედრო მოსამსახურეები ამერიკული „ბრედლებითა“ და ქართულ შეიარაღებაში არსებული ქვეითთა საბრძოლო მანქანა ქსმ 2-ებით სხვადასხვა ტაქტიკურ ამოცანებსა და საბრძოლო სროლებს შეასრულებენ. ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება „მაღალი დონის პარტნიორობა“ 11 მაისს ვაზიანში ოფიციალურად გაიხსნება.
წვრთნა საქართველოში პირველად ტარდება და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებთან დაახლოებას, ასევე ნატოს მომავალ ოპერაციებსა და წვრთნებში მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებას ისახავს მიზნად. სწავლება ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიასა და სამხედრო პოლიგონზე ჩატარდება. წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის 12-ე ბატალიონის „ალფა“ ასეული, IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის I მექანიზირებული ასეული და სამხედრო პოლიციის ოცეული მიიღებს მონაწილეობას. წვრთნაში აშშ-ის არმიის 220-მდე სამხედრო მოსამსახურე ჩაერთვება.