ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლებისთვის განკუთვნილი ამერიკული სამხედრო ტექნიკა ვაზიანშია

ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლებისთვის განკუთვნილი ამერიკული სამხედრო ტექნიკა ვაზიანშია.
„მაღალი დონის პარტნიორობისთვის“ საჭირო სამხედრო ტექნიკა ვარნადან ბათუმის მიმართულებით 2 მაისს გამოიგზავნა. 14 ერთეული ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლი“, ლოგისტიკური უზრუნველყოფის მანქანები და სწავლებისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა ბათუმის პორტიდან ვაზიანში დღეს დილით ეშელონებით ჩამოვიდა.
ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება „მაღალი დონის პარტნიორობა“ (Noble Partner) 11 მაისს ვაზიანში ოფიციალურად გაიხსნება. სწავლება საქართველოში პირველად ტარდება და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებთან დაახლოებას, ასევე ნატოს მომავალ ოპერაციებსა და წვრთნებში მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებას ისახავს მიზნად. სწავლება ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიასა და სამხედრო პოლიგონზე ჩატარდება. წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის 12-ე ბატალიონის „ალფა“ ასეული, IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის I მექანიზირებული ასეული და სამხედრო პოლიციის ოცეული მიიღებს მონაწილეობას. ამერიკის მხრიდან სწავლებაში აშშ-ის არმიის ჯავშანტრანსპორტიორები „ბრედლი“ და მედესანტეების ასეულები ჩაერთვებიან.
ქართულ-ამერიკულ სწავლებაში სამხედრო მოსამსახურეები ამერიკული „ბრედლებითა“ და ქართული ქვეითთა საბრძოლო მანქანებით სხვადასხვა ტაქტიკურ და საცეცხლე ამოცანებს შეასრულებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები