იცოდა თუ არა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერის გადაწყვეტილება მინისტრობის კანდიდატების თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ მინისტრობის კანდიდატურებთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან კომუნიკაცია ჰქონდა. ამის შესახებ მარგველაშვილმა ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემა “რეაქციის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.
თუმცა პრეზიდენტის თქმით, აღნიშნულ კომუნიკაციას ჰქონდა საქმის კურსში ჩაყენების ხასიათი და კანდიდატურებთან დაკავშირებით კონსულტაციები არ ყოფილა.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, ცნობილი იყო თუ არა პრეზიდენტისთვის, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტზე თინა ხიდაშელის კანდიდატურა უნდა დასახელებულიყო, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ეს მისთვის ცნობილი იყო.
„მე მქონდა კომუნიკაცია ღარიბაშვილთან და უსუფაშვილთან გუშინ საღამოს, იმ საუბრის მეტ დეტალებს ვერ გეტყვით. ეს იყო საქმის კურსში ჩაყენება და ჩემი პოზიცია ცნობილი იყო, ბუნებრივია ქმედებები არ გამივლია, მაგრამ ეს არ იყო კონსულტაცია, ეს იყო საქმის კურსში ჩაყენება, მე მადლობელი ვარ იმისთვის, რომ ეს განხორციელდა. გეტყვით დინამიკას, იმედია ეს ყველაფერს ნათელს მოჰფენს – კი ვიყავი ჩაყენებული საქმის კურსში, მაგრამ ბოლოს, როდესაც ვუსმინე ბატონ ირაკლის ტელევიზორში, მაშინ ვნახე ასე ვთქვათ ბოლო ვერსია. შევხედოთ წინა დღეებს – ყველაფერი იცვლებოდა წამებში შესაბამისად, როდესაც მე უკვე ვნახე ფაქტი, პრესკონფერენციის დამთავრებიდან ნ 10 წუთში ჩემმა ადმინისტრაციის ხელძღვანელმა კანცელარია ჩააყენა საქმის კურში, რომ საჩქარო აღარაფერი არ არის“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.