დავით სერგეენკო: გადაუდებელ და გეგმურ ოპერაციებზე ცვლილებები არ მომხდარა

გადაუდებელ ოპერაციებზე, ისევე, როგორც გეგმურზე, არანაირი ცვლილებები არ მომხდარა – ასე უპასუხა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტს კითხვაზე, რომლის მიხედვითაც, გადაუდებელი ოპერაციის დროს პაციენტს ოპერაციის ღირებულების 30% გადაახდევინეს.
“მე არ ვფიქრობ, რომ რეალურად ეს ასე ყოფილიყო. თუ ეს მოხდა, ალბათ დიდი გაუგებრობაა, რადგან გადაუდებელ ოპერაციებზე, ისევე, როგორც გეგმიურზე არანაირი ცვლილებები არ არის. ის მთავრობის დადგენილება, რომელიც შემოვიდა, შეეხება ტარიფების მოწესრიგებას და არა შემცირებას”, – განაცხადა სერგეენკომ და დასძინა, რომ თუ კი მას რომელიმე მსგავს კონკრეტულ შემთხვევას მიაწვდიან, იგი აღნიშნულით დაინტერესდება.
დავით სერგეენკო ასევე ომბუდსმენის ანგარიშს გამოეხმაურა, სადაც საუბარი იყო საწარმოო ტრავმებთან დაკავშირებით. დღეს ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ შეხვედრაზე სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა რეკომენდაციები წარადგინა, მათ შორის რეკომენდაცია შრომის ინსპექციის არ არსებობის შესახებ.
სერგეენკოს თქმით კი, აღნიშნული ინსპექცია ერთი თვის წინ შეიქმნა და უახლოეს დღეებში დაიწყება შესაბამისის სპეციალისტების გადამზადება.
“ჩვენ იქვე გავუზიარეთ ინფორმაცია. მე წუხილი გამოვთქვი, რომ ის არ იყო ამის შესახებ ინფორმირებული. ერთი თვეა უკვე, რაც შეიქმნა შრომის ინსპექცია, უახლოეს დღეებში დაიწყება შესაბამისი სპეციალისტების, ინსპექტორების გადამზადება და ეს გეგმა, რაც განხორციელდება წლის განმავლობაში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტებთან ერთად გავწერეთ”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები