ირაკლი ღარიბაშვილი მერიის მაღალჩინოსნის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა

ჩვენი მთავრობა, მართლაც, გამორჩეულია კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით და ყველა საჯარო მოხელე, ვინც მსგავს შეცდომას ჩაიდენს, კანონის შესაბამისად, მკაცრად დაისჯება, – საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის მაღალჩინოსნის დაკავებას გამოეხმაურა.
პრემიერის თქმით, ანტიკორუფციული და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურები ეფექტიანად მუშაობენ და მთავრობა კორუფციასთან ბრძოლის კუთხით მიღწეული შედეგის გაუარესებას არ დაუშვებს.
„მინდა, ყველა საჯარო მოხელე, ვინც მსგავს შეცდომას ჩაიდენს, იყოს დარწმუნებული, რომ ძალიან მკაცრად დაისჯება. საქართველომ მიაღწია იმას, რომ ჩვენ მსოფლიოში ვართ ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული სახელმწიფო და ამ პოზიციის გაუარესების უფლებას არავის მივცემთ. მინდა, მოგიწოდოთ ყველას, მაქსიმალურად გავააქტიუროთ ბრძოლა ამ მიმართულებით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, გუშინ ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსი, 1972 წელს დაბადებული ჯოკია ბოდოკია დააკავეს.
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსმა ჯოკია ბოდოკიამ, ერთ-ერთი კერძო კომპანიის წარმომადგენელს სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემაში დახმარებისა და მშენებლობის პროცესში მფარველობის გაწევის სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა სასტუმროს მშენებლობის ღირებულების 10 % – 180 000 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ ქრთამის სახით აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 50 000 აშშ დოლარი. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები