დავით უსუფაშვილი ხვალ თსუ-ში საჯარო ლექციას წაიკითხავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშილი ხვალ თსუ-ში საჯარო ლექციას წაიკითხავს.
როგორც “კვირას” თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, უსუფაშვილი ლექციას “წლის პირველი საჯარო ლექციის” ფარგლებში წაიკითხავს. ღონისძიებას თსუ-ს რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, სტუდენტები, პროფესორები, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. თსუ-ს პრესცენტრის ინფორმაციით, “წლის პირველი საჯარო ლექციის” ჩატარების წესის თანახმად, საჯარო ლექციის გამართვის უფლება ენიჭება უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს – მოქმედ აკადემიურ პერსონალს, უნივერსიტეტის ემერიტუსს, ცნობილ საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეს, ხელოვნებისა და კულტურის გამოჩენილ წარმომადგენელს. “საჯარო ლექცია ტარდება ყოველწლიურად 12 თებერვალს. 1918 წელს, სწორედ 12 თებერვალს (ძველი სტილით 30 იანვარი) წაიკითხა ივანე ჯავახიშვილმა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის პირველი ლექცია “ადამიანის პიროვნება და მისი მნიშვნელობა ძველ ქართულ საისტორიო-საფილოსოფო მწერლობასა და ცხოვრებაში” (ადამიანი ძველ ქართულ მწერლობასა და ცხოვრებაში)”, _ აცხადებენ უნივერსიტეტში.
ამავე ინფორმაციით, ღონისძიების დასასრულს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დაჯილდოვდება სიგელით “წლის პირველი საჯარო ლექციის” ჩატარებისთვის. საჯარო ლექციის მონაწილეებს კი დაურიგდებათ ივანე ჯავახიშვილის ლექციის ბეჭდური ვერსია, რომელიც თსუ-ს გამომცემლობის მიერ დაიბეჭდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები