საქართველოს საგარეო უწყება აფხაზურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს
საგარეო საქმეთა სამინისტრო “აპსნიპრესი”- ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც სოხუმში ევროკავშირის ოფისის უნდა გაიხსნას.
როგორც „კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აფზახურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია უზუსტობას შეიცავს.
„სოხუმის რეჟიმის პრესაში გავრცელებული ინფორმაცია და მისი კონტექსტი მოიცავს უზუსტობებს, როგორც ეს ხშირ შემთხვევაში ხდება. ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. აქედან გამომდინარე, აფხაზეთის რეგიონში ნებისმიერი ოფისის გახსნა შეთანხმებული იქნება ქართულ მხარესთან, სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით. რაც შეეხება კონკრეტული პროექტების განხორციელებას, აღნიშნული უნდა ემსახურებოდეს ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას და მათი ჰუმანიტარული საჭიროებების დაკმაყოფილებას“ – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ აფხაზური მედიის ინფორმაციით, ევროკავშირს სოხუმში ოფისის გახსნა სურს. როგორც “აპსნიპრესი” იუწყება, ამის შესახებ საუბარი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელ, ჰერბერტ ზალბერისა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ, რაულ ხაჯიმბას შეხვედრისას შედგა. გამოცემის ინფორმაციით, ჰერბერტ ზალბერმა განაცხადა, რომ ამ ჯერზე გალის რაიონის გარდა, გაგრისა და ბიჭვინთის მონახულების საშუალება მიეცა, გარდა ამისა, იგი გალის რაიონში ევროკავშირის პროექტების მიმდინარეობით დაინტერესდა. “აპსნიპრესი” წერს, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ ვიაჩისლავ ჩირიკბასთან კონსულტაციების შემდეგ, ჰერბერტ ზალბერმა იმედი გამოთქვა, რომ მისი მისიის საქმიანობა გალის გარდა, აფხაზეთის სხვა რაიონებზეც გაფართოვდება. ზალბერი სოხუმში ევროკავშირის სპეცწარმომადგენლის ოფისის გახსნის შესაძლებლობით დაინტერესდა, რათა “მუდმივი კონტაქტი ჰქონდეთ კოლეგებთან ევროკავშირის წარმომადგენლობიდან თბილისში”.